ფინანსთა მინისტრი - შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან" - თემით სპეკულირება, ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „მთავარ არხში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური არ შესულა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მინისტრი განმარტავს, შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს „მთავარ არხს“.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, კარგი არ არის.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას:

1. "მთავარ არხში" ფინანსური პოლიცია შევიდა - ნახსენები "ფინანსური პოლიცია", რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არსად არ შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს;

2. "მთავარ არხში" საგადასახადო სამსახური შევიდა - შემოსავლების სამსახური "მთავარ არხში" არ შესულა და არანაირ ღონისძიებას იქ არ ახორციელებს. შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს „მთავარ არხს“;

3. შემოსავლების სამსახური „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში შევიდა - შემოსავლების სამსახური არსად არ შესულა. შემოსავლების სამსახური ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას;

4. ხდება უკანონო, ე.წ. შავი ფულით დაფინანსების შემოწმება - შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება და კამერალურ საგადასახადო შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს საგადასახადო ვალდებულების სიზუსტის შემოწმებას;

5. შესაძლებელია ხელი შეეშალოს ტელეკომპანიას საქმიანობაში - გარდა იმისა, რომ შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან", კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

რაც შეეხება შესამოწმებელი კომპანიების შერჩევას, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში შექმნილია ავტომატიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც ათობით სხვადასხვა რისკი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კომპანიებს და ანიჭებს შესაბამის ქულას, რომლის საფუძველზეც გენერირდება შესამოწმებელი საწარმოების სია.

„აღნიშნული სისტემა, რომელიც შემუშავებულია აშშ ხაზინის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში, არის ერთ-ერთი თანამედროვე და სანდო სისტემა საგადასახადო ადმინისტრირების. აღნიშნული პროცედურა არ არის უცხო გადასახადის გადამხდელებისთვის. წლის განმავლობაში, 8000-მდე ასეთი კამერალური შემოწმება ტარდება და ათი ათასობით სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ხორციელდება გადასახადის გადამხდელებთან. დღეს, ისე როგორც არასდროს, საგადასახადო ადმინისტრირება ორიენტირებულია საგადასახადო დარღვევების პრევენციაზე და არა დასჯაზე. არც კი ღირს შედარების გაკეთება, ამას კარგად ხედავს ყველა. ის, რაც ერთ დროს მართლა კრიმინალად ითვლებოდა (ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება), დღეს სრულად ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება. ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის!“, - წერს სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა