პაატა ზაქარეიშვილი - ორი უნიკალური შანსია სიტუაციის შემოსატრიალებლად - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ საკუთარი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად

გუშინ მათ სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს, ვისაც კი აქვს განცდა, რომ მე ღირსეული სახელმწიფოს მოქალაქე ვარ, - ასე შეაფასა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას „ყელში ჰქონდა გაჩხერილი 43%-იანი ბარიერი, რადგან „ქართული ოცნება“ ხვდებოდა, რომ „ყველანაირი გათვლებით 43%-ს ვერ აიღებდა".

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლამ ძალიან სერიოზულად დააზიანა მათი პერსპექტივები და ამ ფონზე მიიღეს ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ „პასუხი არ ეგოთ 43%-ზე“.

„ისინი იოლად იღებენ თავის თავზე ნებისმიერ მსოფლიო დონის ვალდებულებას, რადგან კარგად იციან, რომ 5 წუთში ისე "გადააგდებენ", წარბი არ შეუთამაშდებათ. მობრუნება იქნება არა ევროპა და ამერიკა, არამედ, ხალხი. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, დოკუმენტის ანულირების შემდეგ, ინდივიდუალურ სანქციებზეც ღიად დაიწყოს საუბარი და ზოგიერთ თანამდებობის პირს ვიზა შეუჩერდეს.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან წაქეზებული, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ სჭირდება ისეთი საქართველო, რომელსაც ვერ უპატრონებს, არამედ სჭირდება დამცირებული, მუხლებზე დაჩოქილი, მიგდებული საქართველო“.

როგორ მან აღნიშნა, ხელისუფლების პრობლემაა ის, რომ ამ ყველაფერს არ ებრძვის და „სარეველა ბალახს“ რუსეთის სახით, გაზრდის საშუალებას აძლევს.

„რუსეთი ბედნიერია, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ყველა ცოდვის, ყველა უგვანობის, უსინდისობისა და უნამუსობის რუსეთზე დაბრალება პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენს თავზე უნდა ვისაუბროთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მივეჩვიეთ, რომ თუ კარგი ხარ, ქართველი ხარ, თუ ცუდი - რუსი. ძალიან იოლია შავ-თეთრზე მუშაობა, ჩვენ ანგელოზები ვართ და თუ ვიღაც ბინძური შემოგვეპარა, ეს რუსეთის ფულითაა გაკეთებული. ეს ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. კეთილი ვინებოთ და ჩვენს ცოდვებს, უნამუსობას თვითონვე მივხედოთ. ყველაფრის სხვაზე გადაბრალება კიდევ უარესი ქართველობაა. რა თქმა უნდა, რუსეთი ვიღაცას ფულს უხდის, მაგრამ მე, რაც არ უნდა ფული გადამიხადოს რუსეთმა, ევროპის დროშას არ ჩამოვხევ და არ დავწვავ. ქართველები აკეთებენ ამას, რაც არ უნდა რუსები აფინანსებდნენ. დავანებოთ თავი სხვა ქვეყნებზე სპეკულაციებს და მივხედოთ ჩვენს უგვან, სამარცხვინო ვითარებას, რაც გვაქვს. ჩვენს ხელშია ამ სახელმწიფოს ბედი, ამომრჩეველს ვგულისხმობ. სულ მალე არჩევნები მოვა, ყველამ გაიხსენეთ ის სცენა, რაც გუშინ იყო, ყველას რცხვენოდა იქ დგომა, ყველას თავი ჩაქინდრული ჰქონდა, გარდა 3-4 ადამიანისა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერდა თუ არა, ხელისუფლება დოკუმენტის ანულირებას მაინც მოახდენდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ მოიქცა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საბაბი მისცა, მაგრამ ხელი რომ მოეწერა, ისინი ამას მაინც გააკეთებდნენ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს, თუ ოპოზიციას მართლა უნდა, რომ დაამარცხოს ან „დასაჯოს“ „ქართული ოცნება“, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას არ უნდა „დაარტყას“. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ საკუთარი თავი მერობის კანდიდატად უნდა წარადგინოს.

„თუ გახარია მართლა ხვდება რა მოხდა, უნდა დააყენოს თავისი თავი მერობის კანდიდატად. მაინც ვერ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უცებ გამოჩნდება გახარიას ძალა, რადგან ყველა გაბრაზებული ხალხი მას მისცემს ხმას, არა მარტო „ოცნების“ ამომრჩეველი. მას აქვს ახლა უნიკალური შანსი, თვითონ იყოს კანდიდატი“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ახლა გიორგი გახარიას აქვს შანსი, მისი „ვარსკვლავი აენთოს“.

„ორი უნიკალური შანსია, რომ დღეს სიტუაცია შემოტრიალდეს და „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდეს. ეს არის სააკაშვილის ჩამოსვლა 2 კვირით ადრე საქართველოში, რომ ციხეში წავიდეს და ხმაურმა იტრიალოს არჩევნებამდე და მეორე, გახარიას მიერ თავისი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს