ხათუნა სამნიძე - შეიძლება იყოს კონკრეტული სანქციები პოლიტიკოსებზე და პიროვნებებზე - ეს არის მექანიზმი, რომელსაც დასავლელი პარტნიორები იყენებენ ასეთ ვითარებაში

შეიძლება იყოს კონკრეტული სანქციები პოლიტიკოსებზე და პიროვნებებზე. ეს არის მექანიზმი, რომელსაც დასავლელი პარტნიორები იყენებენ ასეთ ვითარებაში, როდესაც კონკრეტული შეთანხმება, პირობა ირღვევა და „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, არ ერიდება ამ ქვეყანას მიმართულება და კურსი შეუცვალოს, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ არ უნდა თქვას უარი 19 აპრილის შეთანხმებაზე. მისივე თქმით, დასავლეთმა ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა „ქართული ოცნების“ მისამართით და იგი ელოდება, რომ ეს კრიტიკა უფრო მეტად გაძლიერდება.

„ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ მკაცრი განცხადებები, ისეთი სიტყვები და ტონი, რომელიც აქამდე არ მოგვისმენია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ამერიკელებისგან, ევროპელებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტ მიშელის განცხადებას, მეც ვთვლი, რომ საჭიროა მეტი სიმკაცრე და ვფიქრობ, ეს პირველი განცხადებაა და არა ბოლო. ჩვენ ვნახავთ უფრო მკაცრ განცხადებებს ჩვენი პარტნიორებისგან. როგორც ჩანს, ჯერ ამოწმებენ „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატურად შეაფასებს საკუთარ, ამ რადიკალური ნაბიჯის შემდეგ, რეაქციებს, რომელიც წამოვა დასავლეთიდან და რა თქმა უნდა, საჯარო განცხადებების გარდა, ვიცით, რომ არის ასევე პირადი ურთიერთობებიც და დახურულ კარს მიღმა განცხადებები და კომუნიკაცია, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

თუმცა, ჩვენ ველოდებით, მაქვს იმედი, რომ განცხადებები იქნება უფრო მკაცრი, იქნება არა მხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი პარტნიორებისგან. ამ ქვეყანას არ მიატოვებენ ჩვენი პარტნიოროები, ძალიან მძიმე მოლაპარაკებების პროცესი გამოიარა ამ ქვეყანამ, თვეების მანძილზე ევროპა და ამერიკა იყო მთელი რესურსით და უმაღლესი პოლიტიკოსებით ჩართული ამ პროცესში.

ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის არ იყო, ან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ იყო შეთანხმება, რომლითაც ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებდა საკუთარ არჩევანს ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას ხაზს უსვამდა ასევე „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის არჩევანის განმსაზღვრელი შეთანხმება და იძულებული გახდა, რომ ხელი მოეწერა. თუმცა, თურმე გუშინ ეს ასე აღარ იყო და „ნაციონალური მოძრაობაა“ ახლა გადამწყვეტი „ქართული ოცნებისთვის“, შეასრულებს თუ არა შეთანხმებას. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. არ მახსოვს, რომელიმე კრიზისი, სადაც „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას აიღებდა და ხელს არ გაიშვერდა ოპოზიციის მხარეს, იგივე ხდება ახლა, - მას ეშინია კონკრეტული პუნქტების შესრულების, რომელიც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში და ურჩევნია თავისი ძალაუფლებისკენ სწრაფვას, მიტაცების სურვილს, ამ შიშებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა და საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი არჩევანი, მაგრამ ამის უფლებას პარტნიორები არ მისცემენ, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რადგან მხოლოდ პარტნიორები არ წყვეტენ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილება და ნაბიჯები. შეიძლება იყოს კონკრეტულ სანქციები პოლიტიკოსებზე და პიროვნებებზე. ეს არის მექანიზმები, რომელსაც დასავლელი პარტნიორები იყენებენ ასეთ ვითარებაში, როდესაც კონკრეტული შეთანხმება, პირობა ირღვევა და „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, არ ერიდება ამ ქვეყანას მიმართულება და კურსი შეუცვალოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს და ამიტომ გადადგა ეს რადიკალური ნაბიჯი.

ოპოზიციურმა პარტიებმა ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური რაციონალიზმი. „ქართულ ოცნებას“ უნდა წინასაარჩევნოდ ქაოსი, ნიჰილიზმი, დაპირისპირება და ემოციური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა