Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, Agile Spirit 2021-ის ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მრავალეროვნული წვრთნების, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერიც იმყოფებოდა.
დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მასში ნატო-სა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.

























