ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წვრთნები იმართება

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქართული ოცეული აშშ-ის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივ წვრთნებსაც ახორციელებს. ერთობლივი წვრთნები ამერიკელ და ქართველ სამხედრო პოლიციელებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.
ამასთანავე, როგორც უწყებაში აცხადებენ, მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.

























