სალომე ზურაბიშვილი - ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ

ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მტკიცე სული 2021“ სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ - ნატო-ში ინტეგრაციისკენ.
„საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ- ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას.
საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული.
ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებით დავამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელი დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“.
„გარწმუნებთ, საქართველო და მისი ჯარისკაცები მომავალშიც ღირსეულად გაგიწევენ სანდო და საიმედო პარტნიორობას. ძალისხმევას არ დაიშურებენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ღირსეული წვლილის შეტანაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მე-10 საიუბილეო მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა.

























