დავით უსუფაშვილი - მნიშვნელოვანია, შევძლოთ შეთანხმების მიღწევა და მერე მათი რეალიზება, რადგან, როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ხიფათი, რაც შეიძლება დაგვემართოს, არის სიტყვის ფასის დაკარგვა, დევალვაცია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ შეთანხმების მიღწევა და მერე მათი რეალიზება, რადგან, როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ხიფათი, რაც შეიძლება საზოგადოებაში, სახელმწიფოში დაგვემართოს, არის სიტყვის ფასის დაკარგვა, დევალვაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„ლარის კურსის დაცემა ხომ დიდი პრობლემაა და სიტყვის კურსის დაცემა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ ნდობა, შესაძლებლობა იკარგება ბიზნესში, პოლიტიკაში და ყველა სხვა ურთიერთობაში.

წინა პერიოდში ძალიან ჭირდა ხოლმე სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის საერთო პროექტით გამოსვლა. კონსტიტუცია ხომ ძირითადი კანონია, სახელმწიფოს კანონი და თითოეულ ჩვენგანზე გაცილებით ხანგრძლივი ვადით არის. შეიძლება ზოგი ცვლილება ისე შევიდეს ძალაში, რომ არცერთი აღარ ვიყოთ იმ პარლამენტში და პოლიტიკაში. ანუ, ეს გრძელვადიან საქმეებს ეხება და ამ დროს სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი ინტერსების გათვალისწინება მეტად გვმართებს ხოლმე. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს სათანადო განხილვა, საზოგადოების ფართო მხარდაჭერაც. არა მხოლოდ კონკრეტულ ცვლილებებს, რაზეც საუბარია, არამედ თავისთავად ამ მოვლენას“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მრავალპარტიულობას მაშინ მოაქვს სიკეთე, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე მიდის მსჯელობა, კამათი და საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერება ერთობლივად ხდება.

„ამ პროექტს ჩვენს სახელებს არ ვარქმევთ, ვინ, რა დათმო. ვისი გამარჯვება ან დამარცხებაა, ვისი შეთანხმებით იყო, შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში თუ მის გარეთ, მოდით, ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს ქვეყანას სჭირდება და მოდით, ბოლომდე მივიყვანოთ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ორ შეხვედრას გამართავს, რომელთაგან პირველი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. 17 აგვისტოს კი, საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში, პარლამენტის სასახლეში ჩატარდება.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმის გაზრდის საკითხს, გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს შეეძლება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და “ლელოს“ წარმომადგენლები.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა