პრემიერი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკა არ არის რაღაც ემოციებზე დაფუძნებული, ეს კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ

3 წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება, 2024 წლამდე ქვეყანაში არჩევნები არ გაიმართება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხალხი ამდენი არჩევნებით დაიღალა.

„თუ გადახედავთ 8 წლის განმავლობაში 7 არჩევნები ჩავატარეთ და დავღალეთ მოსახლეობა ამდენი არჩევნებით და ამდენი დამღლელი საარჩევნო კამპანიით. ამიტომ ხალხს სჭირდება განვითარებაზე საუბარი, პროგრამებზე, დახმარებებზე, იმ პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ერთად განვახორციელებთ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყნის მოსახლეობა, ამიტომაც მომდევნო სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის წელები, მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური ხელისუფლების“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ისაუბრა.

„მაგალითად, მათი ხელწერაა ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ კარგად ვნახეთ ის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და ვკითხულობთ, რატომ ებრძვიან ეკლესიას, რატომ ებრძვიან პატრიარქს? მათ ეს კარგად აქვთ გააზრებული. გვარამიას, რომელიც არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი. ამ დროს, ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მთელი ამ სიბინძურის კამპანიის და ჩვენ საზოგადოებაში მუდმივი შფოთვის კამპანიის შემომტანი. კაცი, რომელიც იყო განათლების მინისტრი შეადარეთ ახლა ჩვენ მთავრობაში ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს. ეს სხვაობაა, მეგობრებო და ამ სხვაობას მჯერა ჩვენი ხალხი ხედავს და შესაბამის დასკვნასა და ვერდიქტს გამოიტანს 2 ოქტომბერს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისვე განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების „პოლიტიკა არ არის რაღაც ემოციებზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.

„პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყანაში არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ, მოახდინონ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტების: ჯარის, პოლიციის, სასამართლოს დისკრედიტაცია. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი „ლგბტ“ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ ყველამ, რომ არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდახსმა. ეს კატასტროფული შეცდომა იყო, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დაისჯილი და დაპატიმრებული, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისგან მომდინარეობდა ეს უმძიმესი პროვოკაცია, შეთქმულება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ნათელია, სახეზეა და ერთადერთი ჩვენ გვჭირდება მშვიდად, წყნარად, მტკიცედ მივიდეთ არჩევნებზე დავაფიქსიროთ ჩვენი ღირსეული არჩევანი, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა