გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური უზნეობის პიკია - საუბარს იწყებს ევროპული ფასეულობებით და ამთავრებს შარაგზის ყაჩაღის გამონათქვამებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოში დაბრუნების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება „პოლიტიკური უზნეობის პიკია“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს მსგავსი განცხადება წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია და ახლა ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

„ისეთი ეპოპეა განვითარდა - სააკაშვილის მოლოდინში, უკვე მეჩვიდმეტე განცხადებაა, რომ სახმელეთო გზით საქართველოსკენ მოემართება. განცხადება, რაც გააკეთა, ვფიქრობ, პოლიტიკური უზნეობის პიკია, როდესაც იწყებს საუბარს ევროპული ფასეულობებით და ამთავრებს შარაგზის ყაჩაღის გამონათქვამებით, ქონების წართმევის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, ოპოზიციურ ჯგუფებს სხვადასხგვარი განცხადებები ჰქონდეთ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს განცხადება, ასეთი მეკობრული სულისკვეთებით არ არის გაზიარებული და არც საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, ამით აღფრთოვანებული არ არის. ეს თემა რასაკვირველია, დღის წესრიგში იქნება, მიზანიც ეს არის, რომ დღის წესრიგში იყოს, რათა დაძაბულობის ტალღა შენარჩუნდეს, დესტაბილიზაციის, დესტრუქციის თემები იყოს გაღვივებული. არც ერთი სიტყვა არ არის იმაზე, რა პროგრამა აქვს ოპოზიციას, რას ფიქრობს სამომავლოდ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის დაკავება გამოიწვევს თუ არა იგივე პროცესებს ქვეყანაში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში იყო, ვოლსკიმ უპასუხა, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა, მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებები სამართლებრივად მიიღება.

„როდესაც მუხტი დაბლაა, როდესაც მხოლოდ დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ის ამ განცხადებებით ცდილობს, საზოგადოებაში ეს მუხტი შეინარჩუნოს. ეს არის მიზანი.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ნაკლებად მგონია, თუმცა, აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც სამართლებრივად იმოქმედებს“, - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა