კახა კალაძე - სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი, პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

„სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების თანადაფინანსების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 10 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებების მიღებას ვიწყებთ და იაქტიურეთ. მინდა მივმართო ამ სტუდენტებს, დაიწყონ მომართვიანობა, მოგვმართონ განცხადებით. გასულ წლებში ამ პროგრამაზე ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა და ჯამში, 5 ათასამდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. 2021 წელს პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფინანსება მიეღო. ცვლილების შედეგად, ახლა უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს პროგრამით და სწავლის დაფინანსება მიიღოს. თუ 2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 ათასი ან ნაკლები იყო, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახის სოციალური ქულა 150 ათასი ან ნაკლებია. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ცვლილებების შედეგად 1400-მდე სტუდენტი დაფინანსდა. გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის წლიურად 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“,-განაცხადა კალაძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს