საფრანგეთში 2015 წლის პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დაიწყო

ჯიჰადისტების მიერ 2015 წელს პარიზში მოწყობილი ტერაქტების მთავარმა ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცია.

კერძოდ, კითხვაზე, რა პროფესიის იყო, აბდესლამმა სასამართლოს განუცხადა :

„მივატოვე სამსახური იმიტომ, რომ გავმხდარიყავი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი.“

აღსანიშნავია, რომ სალაჰ აბდესლამმი 2015 წლის ტერაქტების ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია და ის ტერაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის წინაშე წარდგა, რომელიც დღეს დაიწყო. მასთან ერთად კიდევ 19 ადამიანს ასამართლებენ. ისინი ბრალდებულები არიან დანაშაულში თანამონაწილეობაში, თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობასა და სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენაში. BBC-ი წერს, რომ ბრალდებულთა უმეტესობას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სასამართლო პროცესი ცხრა თვეს გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მოსმენა 140 დღეს გაიმართება. პროცესში მონაწილეობას 1800-მდე მოსარჩელე და 330-ზე მეტი ადვოკატი მიიღებს, დაიკითხება 300-ზე მეტი მოწმე.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. პროცესის დაწყებამდე შეიარაღებული პოლიცია ძაღლებით პატრულირებდა. პროცესი სპეციალურად აშენებულ სასამართლო დარბაზში იმართება, სადაც ასობით ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასამართლო პროცესს ჩაიწერენ, მაგრამ პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბერს 9 შეიარაღებული პირი და თვითმკვლელი ტერორისტი რამდენიმე წუთის შუალედით თავს დაესხა ბარებსა და რესტორანებს, ასევე ბატაკლანის საკონცერტო დარბაზსა და სპორტულ სტადიონს. თავდასხმას, რომელზედაც პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს