კახა კალაძე - შეუცდომელი არავინაა, თუმცა ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთის მოსახლეობას ხვდება. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ივერთუბნის დასახლებაში გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დასახლებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ივერთუბანში არსებული წყალარინების ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება.

„გულდასაწყვეტია, როდესაც 2021 წელს გვიწევს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა გზის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლისა და წყალარინების სისტემები. სამწუხაროდ, ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც ქსელები საერთოდ არ არსებობს. მათგან ერთ-ერთია ივერთუბნის დასახლება. გასულ წელს დაგპირდით, რომ ამ სამუშაოებს დავიწყებდით, თუმცა პანდემიის გამო, ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია. ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება, რომელთაგან ერთ-ერთი ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობაა. სამუშაოებს მიმდინარე წელს დავიწყებთ. პირველ ეტაპზე, სატუმბი სადგური მოეწყობა, ხოლო მომავალ წელს, დაქსელვის სამუშაოებზე გადავალთ, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ საკრებულოში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობით, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შევძლოთ, რომ არ მოხდეს თემების გაჭიანურება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ სწრაფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაიონში არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა. აღინიშნა, რომ წყალარინების სისტემის მოწესრიგების გარდა, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცის არარსებობის პრობლემაც გადაიჭრება.

„წლების განმავლობაში, ყველანაირ პრობლემას, რომელიც ადამიანთან იყო დაკავშირებული, ვაწესრიგებთ, თუმცა რაიონში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წყალარინების ქსელი, რომელიც სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ივერთუბნის დასახლებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. ნოემბრის ბოლოსთვის პროექტზე მუშაობა დასრულდება, 15 დეკემბრიდან კი სატენდერო პროცედურების დაწყება შეგვეძლება. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი ძალიან კარგი სკვერი გვექნება, თანამედროვე განათების სისტემითა და ველობილიკით. ძალიან დიდი საქმე კეთდება, რადგან ივერთუბნელებს აქამდე სკვერი არ ჰქონიათ. ყოველ წელს, ჩუღურეთის რაიონში ხუთიდან შვიდამდე სკვერს ვაკეთებთ, მაგრამ გვინდოდა, რომ ივერთუბნელებს გამორჩეული სკვერი გქონოდათ“, - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

არსებული ინფორმაციით, ივერთუბნის დასახლებაში, თბილისის ზოოპარკის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მომავალ წელს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ტრენაჟორები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები და განათების ქსელი. აღნიშნული რეკრეაციული სივრცის პროექტზე, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი წყალარინების ქსელთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომლის შემდეგაც, გარდამავალი პროექტით, სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა