სოსო გოგაშვილი - მასალების ავთენტურობაზე საუბარს ვერ დავიწყებ, მაგრამ ვხვდები, რაც არის, არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე - მასშტაბური ბაზაა, რომელზე წვდომა განყოფილების თანამშრომელს წარმოუდგენელია, ჰქონდეს, ეს მაღალი თანამდებობის პირია

ყველა მთავრობას აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარეები, მაგრამ ჩემნაირ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანის მხრიდან ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ამ სისტემაში მეც ვმუშაობდი და ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, ხდებოდა თუ არა უკანონო მოსმენები სუს-ში მისი მუშაობის დროს, გოგაშვილი ამბობს, რომ ასეთი რამ ნებისმიერი მთავრობის დროს შეიძლება მოხდეს და „დაზღვეულები ვერ ვიქნებით“.

„ნებისმიერი მთავრობის დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ. ამისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ამაზე უნდა იყოს სპეციალური კონტროლი. დღეს საქართველოში ეს არის წარმოუდგენელი. სანამ მსგავსი სისტემა და მართვის ასეთი მეთოდები იქნება, ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით“,- განაცხადა გოგაშვილმა.

გარდა ამისა, გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ პირი, რომელმაც ფარული მასალები სუს-დან გამოიტანა, მაღალი თანამდებობის პირია.

„აქ არის თავმოყრილი განსხვავებული მიმართულების ინფორმაციები, მის ავთენტიკურობაზე სუაბარს ვერ დავიწყებ, რადგან მასალებს არ ვფლობ, მაგრამ მე ხომ ვხვდები, რაც არის. არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ არ ვიცოდე, რა ხდება. ეს არის ძალიან მასშტაბური ინფორმაციული ბაზა, რომელზე წვდომა ერთი კონკრეტული განყოფილების თანამშრომელს წარმოუდგენელია რომ ჰქონდეს. შეიძლება მოქმედი იყოს, შეიძლება ყოფილი, მაგრამ ყველა ვარიანტში, ეს არის მაღალი თანამდებობის პირი“,- განაცხადა გოგაშვილმა.

გოგაშვილი ასევე საუბრობს პირებზე, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ და ახლაც და ამბობს, რომ „ბინძური სისტემის მსახურები ისევ სისტემაში დარჩნენ მათ სხვანაირი მუშაობის მეთოდი არ აქვთ“.

„დღეს რაც ხდება, ანომალიაა და ნორმალურ, დალაგებულ სახელმწიფოში, სადაც არის დამოუკიდებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლის სისუსტის ბრალია და ზოგადად საზოგადოებრივი კონტროლისაც. მაგრამ ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მოდის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან, ისევ არსებობს, მუშაობს და ძალიან ბევრ პოლიტიკურ ორგანიზაციას იწირავს. ყველა მთავრობა შეეწირა ამ მახინჯი სისტემის ნამოქმედარს. დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნებაც“ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე შიგნით ყოფნის დროს არაერთხელ დამიყენებია საკითხი, რომ ეს პრობლემები ჩვენ დაგვხვდება წინ იმიტომ, რომ ამ ბინძური სისტემის მსახურები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოვიბარეთ, ისევ სისტემაში დარჩნენ. დარჩნენ და ძალიან მაღალ თანამდებობებზე მოკალათდნენ. ბუნებრივია, მათ სხვანაირი მუშაობის მეთოდი არ აქვთ. სისტემის მხილებას რაც შეეხება, მომხრე ვარ და ერთ-ერთი ინიციატორიც ვიქნები, რომ ეს ყველაფერი დაინგრეს და შეიცვალოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არ უნდა მოხდეს ის, რომ სისტემის დანგრევას ქვეყანაც შეეწიროს. რაც ჟურნალისტებს გაუგზავნეს, არ შეიძლება ყველაფრის გამოქვეყნება. თუ გინდა სისტემა ამხილო, ამ მეთოდებით კი არ უნდა ებრძოლო, კონკრეტულ დარღვევებზე და უკანონო მოქმედებებზე უნდა ისაუბრო, ამას ვერავინ შეგიზღუდავს.

ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულები არიან ამ სისტემით მუშაობას, თუ გასაქანს მისცემ, დააწინაურებ, მათ სხვა მეთოდი არ იციან. შემდეგ ხელისუფლებას რაღაც პერიოდის შემდეგ ემართება ძალაუფლების შენარჩუნების ხიბლი და მეორე პლანზე გადადის მთავარი მიზნები. ამიტომ დღეს ასე ხდება. შიგნით რომ არაერთი მცდელობა მქონდა და ვერ მივაღწიე იმას, რომ ეს არ მომხდარიყო, იმიტომაც აღარ ვარ იქ. ვუყურებ, რომ ეს ხდება და ამათ ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ეცლებათ.

მთელ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა რეჟიმის ქვეყნები დემოკრატიული, თავისუფალი ავტორიტარული, დიქტატორული, ტერორისტული. ცალკე აღებულ მთავრობებს, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულს, აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარეები. მაგრამ ჩემნაირ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანის მხრიდან ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება. თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ამ სისტემაში მეც ვმუშაობდი და ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს. არ მაქვს პრობლემა, რომ ყველა კითხვას გავცე პასუხი“,- განაცხადა გოგაშვილმა.

გარდა ამისა, სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შედეგიანი იყოს.

„ბუნებრივია ფაქტზე გამოძიება დაიწყება. ეჭვი მეპარება, რომ შედეგი იყოს რამე იმიტომ , რომ რთულია დღეს მაგ შედეგების დაყენება. რასაც მოვკარი თვალი, რაც ვნახე, ჩემი წარმოდგენა შემექმნა და დაახლოებით ვხვდები, როგორაა განხორციელებული. ჩემთვის ვმუშაობ ამასთან დაკავშირებით და კითხვები ცოტა დამრჩა იმისთვის, რომ ზუსტად დავრწმუნდე, რომელი მხრიდან მოხდა ამის განხორციელება“,- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა