მიხეილ დაუშვილი - არაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გახარიას და ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ არაფრის გვეშინია

„ოცნების“ ამოცანაა ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ფორმით - აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის გამოძიების და საქმის დაწყების ჩვენს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ფარული ჩანაწერები სუს-დან შესაძლოა გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ.

როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს ხედავს, რადგან გამოჩნდა გიორგი გახარიას სახით ლიდერი, რომელსაც ადამიანები ენდობიან.

„საქართველოსთვის“ წევრის თქმითვე, ამ საქმეში თუკი რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობს, ეს არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნის დროს, ბოლომდე ვერ აღმოფხვრეს მსგავსი ფაქტები, სახელმწიფო უწყებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

„წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველი არის ძალიან დაძაბული და რადიკალიზაცია-პოლარიზაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე არის ძალიან მაღალ ხარისხში. რეალურად, პარტია „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ნებისმიერი ფორმით. რასაც ვისმენთ, კიდევ ერთხელ ემსახურება ამ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ზრდას, რომლითაც საბოლოო ჯამში, ყოველთვის სარგებლობს „ქართული ოცნება.“ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ ხელში არის ყველაფერი, დადგნენ და გამოიძიონ, გასცენ პასუხი საზოგადოებას.

ორი ძირითადი გენერატორი არის პოლარიზაციის, ერთი არის პარტია „ოცნება“ და მეორე, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ ეს არის ძირეული ცვლილებების არჩევნები, როდესაც მოქალაქეებს აქვთ რეალურად არჩევანის გაკეთების საშუალება. იქამდე ჩვენ ვხედავდით, რომ ყოველთვის ორი ძირითადი ძალა არსებობდა და მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალება შეზღუდული ჰქონდათ. დღეს რატომ ხედავს ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს პარტია „ოცნება“? - რადგან გამოჩნდა გიორგი გახარიას სახით ლიდერი, რომელსაც ადამიანები ენდობიან.

როდესაც იქ ვიყავით, სადაც ვიყავით, ვერ მივიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე და სამწუხაროდ, ეს ინსტიტუციები ვერ დავაყენეთ იმ ფუნდამენტურ საყრდენზე, რომ დღეს ეს ყველაფერი არ ხდებოდეს, რაც ხდება, როდესაც სახელმწიფო უწყებები გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ, სადაც ვმუშაობდით და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, ყოველაფერს ვაკეთებდით საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, თუკი ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, ამ კითხვებს ჩვენ პასუხს გავცემთ. გამოძიება დაწყებულია, ჩართონ სახალხო დამცველი, საერთაშორისო ექსპერტები, იყოს გამოძიება ობიექტური და გამჭირვალე, ჩვენ მიმართ თუ რაიმე კითხვა იარსებებს, პასუხს გავცემთ. დღეისათვის პარტია „ოცნების“ ამოცანა არის ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი პარტიის და ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ, აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის გამოძიების და საქმის დაწყების ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ არაფრის გვეშინია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა