რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 50.02% დათვლის შემდეგ „ერთიან რუსეთს“, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, ხმების 46.11% აქვს, არჩევნებში მის მთავარ კონკურენტს, „კომუნისტურ პარტიას“ – 21.4%. მესამე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, 8,07%-ით.

პირველ ხუთეულში შედიან ასევე პარტია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" 7.62%-ით და "ახალი ხალხი" 5.97%-ით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ ათასობით დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

ამასთან, Golos-ის ინფორმაციით, მიიღეს "უამრავი შეტყობინება" ადამიანებისგან, რომ ისინი დამსაქმებლებმა აიძულეს, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ პირველად 1993 წლის შემდეგ, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საარჩევნო დამკვირვებლები.

არჩევნებში ვერ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 17-დან 19 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ამომრჩევლებს ასევე საშუალება ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული კენჭისყრის გზით მიეღოთ. პროცესის შედეგად 225 დეპუტატი პარტიული სიის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 225 კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში 14 პარტია იღებს მონაწილეობას. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს