აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთში არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია

17-19 სექტემბრის დუმის არჩევნები რუსეთის ფედერაციაში ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის კანონებმა "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი.

„რუსეთის მთავრობის "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კანონების გამოყენებამ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკურ პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის მცდელობა, ასევე ხელი შეუშალა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და მის საპარლამენტო ასამბლეას არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შეერთებული შტატები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ 49.83 %-ით ლიდერობს. არჩევნებში ვერ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ. პირველად 1993 წლის შემდეგ, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საარჩევნო დამკვირვებლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა