ევროკავშირი საფრანგეთის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავს

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და ნაკლები დაყოფაა საჭირო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებმაც აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტზე იმსჯელეს და საფრანგეთის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს.

”რასაკვირველია, ჩვენ ამ განცხადებამ გაგვაკვირვა,” - აღნიშნა ბორელმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც და აღნიშნა, რომ მას გაუჭირდა აშშ-ის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგება.

"რატომ? იმიტომ, რომ ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციით, ამერიკა დაბრუნდა. ეს იყო ისტორიული გზავნილი ახალი ადმინისტრაციის მიერ და ახლა ჩვენ გვაქვს კითხვები. რას ნიშნავს ეს - ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა დაბრუნდა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან? ჩვენ არ ვიცით, ” - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, თუ ჩინეთი ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში იყო, მაშინ ძალიან უცნაურია, რომ აშშ ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ერთად გაერთიანდა. შარლ მიშელის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ ტრანსატლანტიკური ალიანსი დაასუსტა.

შეგახსენებთ, აშშ-მა, ავსტრალიამ და გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ სამმხრივი უსაფრთხოების პაქტი, AUKUS-ი, გააფორმეს, რომლის თანახმადაც აშშ ავსტრალიას ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების ასაგებად შესაბამის ტექნოლოგიებს გაუზიარებს. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის განაწყენება გამოიწვია, ვინაიდან ავსტრალიამ მასთან 2016 წელს გაფორმებული მილიარდობით ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა, რომელიც საფრანგეთის მხრიდან წყალქვეშა ნავების მიწოდებას ითვალისწინებდა. კონტრაქტის გაუქმებამ დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია, რადგან პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გაიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს