ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი“, იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მეორე ონლაინ ღონისძიება გამართა

ანალიტიკურმა ორგანიზაცია„ჯეოქეისმა“, იაპონიის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მეორე ონლაინ ღონისძიება, სახელწოდებით „იაპონიის პერსპექტივიდან დანახული საქართველო და „თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი“, გამართა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, რომელმაც აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ღონისძიების სპეციალური სტუმრები და სპიკერები წარადგინა. ვებინარზე მოხსენებით წარსდგნენ: „კეიოს“ უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი, კენ ჯიმბო და „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი. საპატიო სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იმამურა აკირა, რომელსაც ღონისძიების მოდერატორმა მადლობა გადაუხადა იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა იმამურა აკირამ ვებინარის მონაწილეებსა და მსმენელებს სიტყვით მიმართა და, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, ღონისძიების მნიშვნელობასა და დროულობას გაუსვა ხაზი. მომხსენებლებმა თანამედროვე იაპონიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

პროფესორმა კენ ჯიმბომ სიტყვით გამოსვლისას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შესაძლებლობებსა და გამოწვევების, ასევე, იაპონიის ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სტრატეგიისა და, ამ ჭრილში, საქართველოს შესაძლებლობების შესახებ მისი ხედვა წარადგინა.

„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა საქართველომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის კონცეფციისთვის ე.წ. „კარიბჭის“ სტრატეგია შეიმუშაოს. ეს კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა, თანამოაზრე ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას მოიაზრებს და, ჩემი აზრით, საქართველო ასეთი ქვეყნების - ევრო-კავშირი, იაპონია, აშშ, ავსტრალია, ინდოეთი და სხვ. - კარგი პარტნიორი იქნებოდა. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის კონცეფცია უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ინფრასტრუქტურული და დაკავშირებულობის პროექტების პოპულარიზაციისათვის. ამასთან, გამოიკვეთა კიდევ ერთი კონცეფცია - ეკონომიკური უსაფრთხოება: რა სახის ციფრული ინფრასტრუქტურა, ღია რადიო წვდომის ქსელის მოწყობილობები, B2B და B2C სერვისები შეიძლება დაინერგოს საზოგადოებრივ დონეზე. ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე კონკურენტუნარიანი სტანდარტის შემოღებაზე ვმუშაობთ. ეს საკითხები, ვფიქრობ, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორ იაპონიისათვის, ასევე საქართველოსთვის და ორივე ქვეყანას კარგ შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ თემის გარშემო“, - აღნიშნა პროფესორმა კენ ჯიმბომ.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, პროფესორმა ემილ ავდალიანმა რეგიონის მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ მსმენელებს გაუზიარა მისი ხედვა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის კონცეფციის მნიშვნელობის შესახებ.

„ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის კონცეფციის წამოწევა დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების მონოვექტორული პოლიტიკის დასასრულს. ჩემი აზრით, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს დიდი გავლენა ექნება მსოფლიოს ახალ წესრიგზე, რომელიც უფრო ქაოტური იქნება ვიდრე დღესდღეობითაა. ჩვენ აქტიური ლიბერალური ინტერნაციონალიზმის გავრცელების სტადიიდან გადავდივართ ახალ ქაოტურ ფორმაციაში, რომლიც მრავალვექტორულ სისტემას ეფუძნება“, - განაცხადა ემილ ავდალიანმა.

იგი ასევე, შეეხო, საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის შესაძლო ფორმატსაც და პარალელი გაავლო იაპონიისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებთან. „შესაძლებელია მსგავსი ინიციატივის განხორციელება იაპონიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“ , - დასძინა მან.

„ჯეოქეისის“ ცნობით, ონლაინ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა და დამსწრეებს საშუალება მიეცათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ ღონისძიებაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს