თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1-ელ ოქტომბერს 170-ე საიუბილეო სეზონს გახსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საიუბილეო 170-ე სეზონს 1-ელ ოქტომბერს, ტრადიციულად უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გახსნის.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში აცხადებენ, რომ ამ ტრადიციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ არ შეცვლილა.

„გახსნის დღისთვის თეატრი განსაკუთრებულად ემზადება.

მაყურებელი შენობაში შესვლისთანავე შეიგრძნობს უძველესი ტრადიციების მქონე თეატრის ისტორიას. წითელ და სარკეებიან დარბაზებში მოეწყობა გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება გადაავლოს თვალი თეატრის ძველ ფოტოებს, აფიშებს, პროგრამებს, კოსტიუმებს, მაკეტებს.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: თეიმურაზ გუგუშვილი (აბესალომი), ხათუნა ჭოხონელიძე (ეთერი), სულხან გველესიანი (მურმანი), ლიანა კალმახელიძე (მარიხი), გოჩა დათუსანი (აბიო მეფე), ირინა ალექსიძე (ნათელა), მანანა იორდანიშვილი (ნაანა), თამაზ საგინაძე (თანდარუხი), გია მახარაძე (სტუმარი), ლევან თაბუკაშვილი (მსახურთუხუცესი), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"“, - აცხადებენ თეატრში.

მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელია. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.

„აბესალომ და ეთერის“ პირველი წარმოდგენა 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ოპერას დირიჟორობდა ზაქარია ფალიაშვილი (დადგმა ეკუთვნოდა ა. წუწუნავას, რეჟისორი გახლდათ ბელინსკი, მხატვარი იყო ა. ზალცმანი, ცეკვები დადგა ს. ვაკარეცმა, სოლოს “ლეკურში” ელო ანდრონიკაშვილი ასრულებდა).

„დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ოპერის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ კომპოზიტორს უკვე მეორე მოქმედების შემდეგ დიდი ოვაციები გაუმართეს. საოპერო თეატრის, თბილისის კონსერვატორიის, ქართული დრამის და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებმა კომპოზიტორს გვირგვინები და ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.

დიდი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ამ ოპერის დადგმასთან დაკავშირებით წერდა: “დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა! სარკმელია ევროპისკენ!“

ფალიაშვილი საკუთარ დამსახურებად ოპერაში უფრო ეროვნული და ევროპული მუსიკის თავისებურებების სინთეზს მიიჩნევდა. იგი წერდა – “მე “აბესალომ და ეთერი” მიყვარს და ვეტრფი არა მარტო ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა-ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებისას ევროპული თეორიის კანონებზედ დამყარებულს”.

ოპერის საერთო კონცეფციაში ძირითადი თემა – სიყვარული წარმოსახულია როგორც დიადი, უძლეველი ძალა, რომელიც გადალახავს არა მარტო სოციალურ უთანასწორობას, არამედ თვით სიკვდილსაც. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული პოემა ფალიაშვილმა მუსიკალური ტრაგედიის მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა“,- აღნიშნავენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა