გიორგი თარგამაძე - ჩვენ არ გვეშინია, გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებთ მათ შორის საარჩევნო პროცესს

ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებთ მათ შორის საარჩევნო პროცესს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტების დასაშინებლად არის, ასევე არხის დირექტორის წინააღმდეგ, რომ მან ხელი აიღოს საქართველოში კრიტიკული მედიის მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე.

„ხელისუფლების მიზანს და ამოცანას წარმოადგენს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ამას გვპირდებოდა, არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს. ამ გეგმის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო მედია, სივრცე, სადაც ხალხი თავს დაიცავს მმართველი „კლანისგან“, ძარცვისგან და ჩაგვრისგან. მთელ ამ პროცესში ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც ამ დღეებში სულ რაღაც 2 წლის ხდება, ასრულებდა, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ამ არხის დაფუძნების დღიდანვე ჰქონდათ დამფუძნებლებს, აქ მომუშავე ჟურნალისტებს, ყველა ტელეწამყვანს, ყველა ოპერატორს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება, ისეთი გარემოს და სივრცის შექმნა, სადაც ჩვენ, განსხვავებული შეხედულების მქონე ქართველები და არაქართველები შევძლებთ საერთო დემოკრატიული, ევროპული სტილის სახელმწიფოს მშენებლობას. სწორედ ამიტომ, დღევანდელ გამოწვევაზე ჩემი და ჩემი კოლეგების, პირველ რიგში ჟურნალისტების პასუხი, „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ამ თაობის ჟურნალისტებისთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრი რამ გადავიტანეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება. ეს არის გზავნილი პირველ რიგში აქ მომუშავე ჟურნალისტების დასაშინებლად, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის მორიგი გზავნილი ამ არხის დამფუძნებლისადმი, რომ მან ხელი აიღოს საქართველოში კრიტიკული მედიის მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე“, - განაცხადა თარგამაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა