პრემიერი - „ნაცმოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც - ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებამდე მხოლოდ 3 საათი აშორებს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს. დღეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და მუნიციპალურ საკრებულოებს. მოგეხსენებათ კარგად, რომ ეს დღე განსაზღვრავს ჩვენი დედაქალაქისა და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფიც ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

მე, ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. ამ მომენტისთვის, არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიცრუესა და სიძულვილზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერიც და ეს არის აუცილებელი პირობა, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარება. ეს არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე, ამიტომ მინდა ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა