ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლოა, ბრალი ყოფილი პრეზიდენტის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც დაკავების დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს.

„ელგუჯა ცომაიას წაყენებული აქვს ბრალი 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორის თქმით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი იყო, თუმცა სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

„ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოიხატა აქტიური ხელშეწყობა ძებნილი მსჯავრდებულის სათანადო პირობების შექმნაში. იცოდა, რომ სააკაშვილი იყო ძებნილი და მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია, როდესაც ამბობენ, რომ დანაშაულის დაფარვა იგულისხმება და არა დამნაშავის დაფარვა. ყველა იურისტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში ასევე მოიაზრება ძებნილისთვის სათანადო პირობების შექმნა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა