ნიკოლოზ ვაშაკიძე - არჩევნები ჩატარდა ბოლო მოვლენების მიერ მკვეთრად დეფორმირებულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს და ე.წ. „პატარა პარტიების“ პერსპექტივების შესახებ საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს?

- სრულად ვიზიარებ არჩევნების ეუთოს წინასწარ და აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ შეფასებებს. ეს შეფასებები ძალიან მძიმეა, მაგრამ სამართლიანი. პრაქტიკულად პირდაპირი ტექსტით არის ნათქვამი, რომ მანიპულირებისა და უკანონო ქმედებების ეპიცენტრი უშუალოდ არჩევნების დღიდან გადატანილია წინასაარჩევნო პერიოდზე და აქ ისეთ უმსგავსობებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების შედეგს. თუმცა, ამავე დროს, არჩევნების დღის მძიმე დარღვევებიც არსად წასულა. ძნელია არ დაეთანხმო ასეთ შეფასებებს.

სხვა მნიშვნელოვან მესიჯებთან ერთად, რომლებიც გაჟღერებულია ამ შეფასებებში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ს საელჩოს მოწოდება იმის შესახებ, რომ ახლა დროა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან ალიანსები, რათა სასწრაფოდ მიეხედოს იმ გადაუდებელ პრობლემებს, რომლებიც დღეს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე დგას. ეს გულისხმობს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მიუღებლობას და იმას, რომ დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობდეს კანონი, რომელიც პოლიტიკური ბლოკების შექმნას კრძალავს.

- პოლარიზებულმა გარემომ, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა, ყველაზე მეტად დააზარალა პატარა პარტიები და უარყოფითად აისახა შედეგებზე. ორპარტიული, ორპოლუსიანი გარემო რა პერსპექტივებს ტოვებს პატარა პარტიებისთვის?

- არჩევნები ჩატარდა ბოლო მოვლენების მიერ მკვეთრად დეფორმირებულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში და, ცხადია, მისი შედეგებიც მნიშვნელოვანწილად ამის ანარეკლია. ჩვეულებრივ პირობებში სხვაგვარი სურათი გვექნებოდა. ე.წ. პატარა პარტიები მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში, ცხადია, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენ. ცოტა თავად ამ ტერმინსაც - “პატარა პარტიები” მინდა შევეხო. სამწუხაროდ, მასში ხშირად დამცინავ და ირონიულ შინაარსს დებენ იმ დიდი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში მრავალწლიანი ყოფნის შედეგად მოსუქდნენ და მოძლიერდენ, ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ქვეყანაში ვერ განვითარდნენ. სასაცილოა, მაგალითად, ის პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი კარიერა ბატონის მონური მსახურებით შეიქმნა, თავად არაფერს წარმოადგენს და ქილიკობს იმ ადამიანებზე, რომლებმაც უმძიმეს პირობებში დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის გზა აირჩიეს.

ალტერნატიული პოლიტიკური ძალები აუცილებელია საქართველოში. ამაზე ქვეყნის მოსახლეობის განწყობაც ნათლად მეტყველებს. ეს აუცილებელია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის, დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის და ნორმალური განვითარებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს არსებული ე.წ. ორპოლუსიანი სისტემა პოტენციაში სინამდვილეში ერთპოლუსიანია, რადგან თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ან ცენტრები არ ჩამოყალიბდა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში «ქართული ოცნება» დაიშლება, დაკარგავს პოლიტიკური ძალის ყველა ნიშანს და ჩვენ ისევ ძველი, ერთპარტიული მმართველობის რეალობაში აღმოვჩნდებით, აქედან გამომდინარე, ყველა ძველი პრობლემით.

ვფიქრობ, როცა შედარებით მინელდება ვნებათაღელვა, ე.წ. პატარა პარტიებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი შექმნილი ვითარებიდან და გამოძებნონ გზები თანამშრომლობისთვის და გაერთიანებული პოლიტიკური ცენტრების შესაქმნელად. აუცილებელია ზეწოლა პარლამენტზე პოლიტიკური ბლოკების აკრძალვის გასაუქმებლად.

- მმართველმა პარტიამ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით აიღო ხმების 43 % -ზე მეტი, როგორ ფიქრობთ, საბოლოდ მოიხსნა ვადამდელი არჩევნების თემა, რაზეც სახელისუფლებო გუნდი არჩევნებამდეც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო?

-იმ პირობებში, როცა ქვეყნის ყველა დიდმა ქალაქმა ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა, ვადამდელი არჩევნების უადგილობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. კარგად ვიცით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მანიპულაციების მიუხედავად, ქალაქებში ელექტორატის ნების გაყალბება შედარებით ძნელია. სოფლად ეს უფრო იოლად ხდება, ამდენად, ამ არჩევნების შედეგი შეიძლება თავისუფლად შეფასდეს როგორც ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა.

სხვა საქმეა, ესმის თუ არა ეს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურში ისევ მიმართოს იმ ხერხებს, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვიხილეთ.

ცხადია, ხელისუფლება შეეცდება ვადამდელი არჩევნები აირიდოს თავიდან, მაგრამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან და მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო გზაა.

- როგორ ფიქრობთ, ის მოცემულობა და შედეგები, რაც დადგა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დაასრულებს თუ პირიქით, უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს? მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

ძალიან ძნელია საქართველოში პოლიტიკური პროგნოზების კეთება. თუმცა, პოლიტიკური კრიზისის დასრულების ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ საქართველოში დღემდე მაინც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური პრაგმატიზმის და კომპრომისის კულტურა. მთავარ ოპოზიციურ ძალაში ჯერ კიდევ ძლიერია ოპოზიციური ველის მთლიანი მონოპოლიზაციის სურვილი, ხოლო მმართველი ძალა რეიტინგის საგრძნობი დაქვეითებისა და მის მიმართ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილების პირობებშიც კი ძველებურად აპირებს ხელისუფლების მთლიან კონტროლს. ერთი სიტყვით, საქართველოში დღემდე ვერ შევძელით პოლიტიკური სისტემის ისე დალაგება, რომ ის ადეკვატურად ასახავდეს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს. სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისის წყარო, რომელიც თითქმის მუდამ სახეზეა, უბრალოდ მწვავე და ქრონიკული ფაზები ენაცვლება ერთმანეთს.

საგანგაშოა ის, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა აღმოჩნდა მეტად რთულ და სახიფათო საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებაში, რომელსაც საშინაო გაუთავებელი დაძაბულობის პირობებში პრაქტიკულად არც ვამჩნევთ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, უბრალოდ შეხედეთ თუ რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. ახლო აღმოსავლეთის ხანძარი პრაქტიკულად კავკასიას მოადგა. რეგიონი რამდენიმე დიდი და საშუალო სახელმწიფოს უკვე სამხედრო დაპირისპირების პოტენციურ არენად იქცა. სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლომდე გადაუწყვეტელი კონფლიქტის კონტექსტში იარაღს აჟღარუნებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან თურქეთი, ირანი, რუსეთი და უკვე ისრაელიც. ღია საუბარია უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე შესაძლო სამხედრო შეტაკებაზე. ამ ახალი, უკიდურესად სახიფათო რეალობის პირობებში მე ვერ ვხედავ ვერც ჩვენი დიპლომატიური უწყების, ვერც სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის მზადყოფნას და მუშაობას და ესეც ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტუაციის შედეგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა