დავით ბერძენიშვილი - დღევანდელ ვითარებაში, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სამარცხვინო არის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, ირაკლი ღარიბაშვილი

რადგან ეს თემატიკა არჩია ირაკლი ღარიბაშვილმა, გავიხსენებ ჩემს ახალგაზრდობაში როგორ ლაპარაკობდნენ მსუბუქი ნარკოტიკის, „მარიხუანის“ მომხმარებლები - ერთი „მასტერკა“ ტვინი არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. მისი ეს ტექსტი, სწორედაც ამის დამადასტურებელია, რაკი ნარკოტიკული მეტაფორა „კოკაინშიკობა“ და ა.შ. შემოიტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკურ ლექსიკონში. სასაცილოა ამ მხრივ, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მან მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყნის პრობლემის მიმართ ეს ადეკვატური დამოკიდებულება არ არის.

„ბიძინას ბიძინობა ხომ მიულოცა 1-ელ ოქტომბერს, ახლა, ბიძინას მიბაძა წერილებით. მოიწვიეთ და უთხარით, შენ თვითონ დაწერე-თქო და ვნახოთ, როგორ დაწერს, რამდენად გამართულად წერს, მეტყველებს და საერთოდ რამე იცის? რა თქმა უნდა, ეს არ არის ადეკვატური დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ქვეყნის პრემიერის, ხელისუფლის მხრიდან“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საერთოდ, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მის ქვეყანაში ამდენი წლის შემდეგ აშკარად პოლიტიკური რევანშის მოტივებით არის ციხეში გამომწყვდეული, ეს სწორი და კარგი არ არის, რაც ქვეყანაზე კარგად არ მოქმედებს.

„სრულიად მკაფიოდ და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ის რომ პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული, ამავე დროს პოლიტპატიმრობა არ ნიშნავს ანგელოზობას, მაგრამ ნამდვილად პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული. სააკაშვილს არავინ დაუსჯია, ვინც გელაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის დღევანდელ რეალობასთან. არ შეიძლება დამოკიდებულება შავ-თეთრი, ბევრი ფერი არსებობს. არ არის ისე, რომ სააკაშვილი ყველაფერში ანგელოზია, არც 7 ნოემბერთან, არც ვალერი გელაშვილთან და არც სხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ სააკაშვილის ბრალია ყველაფერი რაც მოხდა (ასეც არ არის). პრემიერ-მინისტრია, მესმის, რომ ის სრულიად უმწიფარი, მოუმზადებელია და აწი ვერც ვერაფერს ისწავლის, ელემენტარული რაღაცები არ იცის, მაგრამ ამასთანავე რაღაც ვალდებულებები აქვს ამ თანამდებობას, ასეთი სამარცხვინო არ უნდა იყოს. დღევანდელ ვითარებაში, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სამარცხვინო არის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, ირაკლი ღარიბაშვილი. ყველაზე უვიციც ეს არის“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ამასთან, მან ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ „წასაგები ოპოზიციამ წააგო, სხვათაშორის, საკუთარი შეცდომებითაც. განსაკუთრებით, „არანაცურმა“ ოპოზიციამ“.

„ვთქვი და შეიძლება ეწყინათ ალბათ, რომ პატარა პარტიების ახალმა ლიდერებმა თავი დიდ პოლიტიკოსებად და დიდი პარტიების ხელმძღვანელებად წარმოიდგინეს და უფრო ნაკლები ხმები და პროცენტები მიიღეს, ვიდრე შარშან ჰქონდათ. ამას ვხსნი ერთგვარი პოლიტიკური გამოუცდელობითაც, მეორეს მხრივ, პულსზე ხელი მაინცდამაინც არ ეჭირათ, მერე ამდენი ბოიკოტი და ა.შ. მოკლედ, პოლიტიკური პროცესიდან ამოვარდნაა მიზეზი“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

იხილეთ ვიდეო:

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს