გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში მომხდარ თავდასხმას გმობს და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს შემზარავ თავდასხმას ყუნდუზის მეჩეთზე. ეს, ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში განხორციელებული მესამე თავდასხმაა რელიგიურ დაწესებულებებზე. თავდასხმები, რომელთა სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაა. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ,“- აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა გაავრცელა.
მისი თქმით, გენერალური მდივანი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
შეგახსენებთ, ავღანეთში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 50 და დაშავებულია ათობით ადამიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა“ აიღო.