რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებთან ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან (NCDC) ერთად, 2021 წლის 12-14 ოქტომბერს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრებს გაუძღვებიან: ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა შენგელია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ზაზა ბოხუა - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (თსსუ), ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„საქართველოში COVID პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoH), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.

შედგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებს სამ რეგიონში შეხვდებიან: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა ბათუმი, სამცხე-ჯავახეთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრები გაიმართება: საჩხერეში, 12 ოქტომბერი, სასტუმრო „საჩხერე გარდენსი“ – 14:00 - 16:00; ქუთაისში, 13 ოქტომბერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - 11:00 – 13:00; ოზურგეთში, 14 ოქტომბერი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი – 11:00 – 13:00 .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა