იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეების გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებენ თუ არა ნატო-ს სტანდარტებს საქართველო და უკრაინა და მზად იქნებიან თუ არა ალიანსში გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს

ნატო-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებენ თუ არა ნატო-ს სტანდარტებს ასპირანტი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა და მზად იქნებიან თუ არა ისინი ალიანსში გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 67-ე საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ნატო-ს გაფართოების საკითხზე გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები იღებენ და ამ პროცესზე რუსეთი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, ალიანსში გაწევრიანების სურვილი ასპირანტი ქვეყნის გადასაწყვეტია, რადგან ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

,,აბსოლუტურად ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. შესაბამისად, სურს თუ არა ნებისმიერ სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება, თავად ამ ქვეყნის გადასაწყვეტია. ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია რამდენად შეესაბამებიან ასპირანტი ქვეყნები ალიანსში გაწევრიანების სტანდარტებს.

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და მან ვეტო არასდროს უნდა მიიღოს. რუსეთი ამ ყველაფერს ყოველთვის პროვოკაციად აფასებს. მაგალითად, როდესაც ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთი შემოუერთდნენ ნატოს, მათ თქვეს, რომ ეს იყო პროვოკაცია. მიხარია, რომ ჩვენ გვქონდა სიმტკიცე ეს ქვეყნები მიგვეღო და ჩვენ ვთქვით ,,მობრძანდით“ .

როდესაც ნორვეგია შეუერთდა ნატოს 1949 წელს, მისი მეზობელი რუსეთი, იმ დროისთვის კი საბჭოთა კავშირი იყო. სტალინი ნორვეგიის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. მაგრამ ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ნატოს სხვა დამფუძნებელმა წევრებმა თქვეს, რომ ისინი მიესალმებოდნენ ნორვეგიის გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, რომელიც ნორვეგიის მეზობელი იყო ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა. მიხარია, რომ იმ დროს მსგავსი მიდგომა იყო.

ნატო-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებენ თუ არა ნატო-ს სტანდარტებს ასპირანტი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა და მზად იქნებიან თუ არა ისინი გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა