ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველო ყველაზე წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, ეს გზა პირდაპირ გვემუქრება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი იზოლაციით

ეს გზა პირდაპირ გვემუქრება კიდევ უფრო მეტი იზოლაციით დასავლეთისგან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე ე.წ. „3 + 3“ პროექტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფორმატში მონაწილეობის შემთხვევაში საქართველო ყველაზე წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება რეგიონში.

„რეგიონის დიდი და ძლიერი მოთამაშეები - რუსეთი, თურქეთი და გარკვეულწილად ირანიც დიდი ხანია ცდილობენ მაქსიმალურად გამოთიშონ ევროპული და ევროატლანტიკური გავლენები სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დალაგების პროცესიდან. გარე სამყაროსგან პრაქტიკულად იზოლირებული დიპლომატიური ფორმატის ეს იდეა სწორედ ამას ემსახურება. მათ სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ასეთ ფორმატში ისინი დიდი ანგარიშით ერთმანეთში გადაწყვეტენ რეგიონის ბედს. მსგავს პროცესებს გარკვეულწილად ჰქონდა ადგილი 1918-21 წლებში და თუ როგორ გადაწყვიტეს რუსეთმა და თურქეთმა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს საკითხები კარგად გვახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ასეთ ფორმატში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეყოლება ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, რასაც, ცხადია, საქართველოზე ვერ ვიტყვით. ჩვენ ყველაზე წამგებიან მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ყველა სადაო საკითხი ძირითადად საქართველოს ხარჯზე გადაწყდება.

ცხადია, ისმის კითხვა - რატომ იწყებს საქართველო ამ პროცესთან თამაშს, მითუმეტეს, როცა რამდენიმე წლის წინ მან ეს იდეა უარყო? რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ახლა ამ მიმართულებით ძლიერ ზეწოლას განიცდის, პირველ რიგში, რუსეთისგან და არა მარტო. ამავე დროს, ბოლო პერიოდში დემოკრატიული განვითარებიდან სერიოზულმა გადახვევამ მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი პარტნიორობა დასავლურ სამყაროსთან და გავლენა მოახდინა ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორზე.

საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ძველებურად ვეღარ ეყრდნობა დასავლეთს მასთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო, მეორე მხრივ, თავად ცდილობს გარკვეულწილად ჩაეხსნას ამ პარტნიორობას, რადგან ის უკვე მისთვის მიუღებელ დემოკრატიულ რეფორმებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ფიქრობენ ამგვარ ალტერნატიულ გზებზე, მაგრამ ეს გზა პირდაპირ გვემუქრება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი იზოლაციით და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს“ , - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა