ეროვნული ბანკის ინიციატივით დაზოგვის დღე მეათედ აღინიშნება

ეროვნული ბანკის ინიციატივით დაზოგვის დღე მეათედ აღინიშნება. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, წელსაც დისტანციურად ჩატარდება.

„მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. მისი მიზანი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა, ხოლო ადრესატს ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა“.

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა www.finedu.gov.ge – „ფინედუ“.

2021 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, წელსაც დისტანციურად ჩატარდება. ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ მსურველს, მათ შორის სკოლის მასწავლებლებს, ღონისძიებაში მენტორის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად იწვევს. მენტორების მისია დაზოგვასთან, მის საჭიროებასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებაა. ამ მიზნით, ისინი ეროვნული ბანკის საინტერესო ვებინარებს გაივლიან, მიიღებენ სრულ ინსტრუქტაჟს და მასალებს, შემდეგ კი, თავის მხრივ, 12-15 წლის ახალგაზრდებს მოუყრიან თავს და მათ სახალისო გაკვეთილს ჩაუტარებენ. ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში შეკრებილი იდეებით მენტორები ხუთკაციანი გუნდებით ფინალურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე „ფინედუს“ „ფეისბუქ“ გვერდზე ჩატარდება Live ვიქტორინა, სადაც ახალგაზრდები დასმული შეკითხვების პასუხებზე გუნდურად იმუშავებენ.

კონკურსის გამარჯვებულებს ღონისძიების პარტნიორი კომერციული ბანკები დააჯილდოებენ. კერძოდ, გამარჯვებულ მენტორებს 500 ლარიან ანაბარს, ხოლო გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს კი 300 ლარიან ანაბარს გაუხსნიან. ინიციატივის ფარგლებში სულ 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სს "ბაზისბანკი“, სს "თიბისი ბანკი“, სს „"რედო ბანკი“, სს "ლიბერთი ბანკი“, სს "საქართველოს ბანკი“.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.

დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება 1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა