გრიგოლ გეგელია - მაკალისტერის და კალიურანდის წერილი ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური ეგოიზმის გამო დაუკარგა საქართველოს ევროკავშირის მნიშვნელოვანი დახმარება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი მაკალისტერის და ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის წერილი ნათლად ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პარტიულ-პოლიტიკური ეგოიზმის გამო საქართველოს დაუკარგა უაღრესად მნიშვნელოვანი მაკროფინანსური დახმარება 300 მილიონი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების წერილი კარგად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა, „ქართული ეკონომიკის აყვავებით“ ეხსნა უარი დახმარებაზე, არის კომიკური.

„ევროპარლამენტარები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის დამაჯერებელი ახსნა, რადგან მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული ეკონომიკა დღეს მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის ფონზე.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ საეჭვოა, მიიღებდა თუ არა საქართველო ევროპული კავშირის მაკროფინანსურ დახმარებას იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაატარა კრიტიკული რეფორმები მართლმსაჯულების მიმართულებით და არ უზრუნველყო მართლმსაჯულების უფრო მეტი დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა. შესაბამისად, დღეს ევროპარლამენტი პირდაპირ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდაც არ მიიღებდა მაკროფინანსურ დახმარებას, რადგან მან უარი განუცხადა რეფორმისტულ დღის წესრიგს. იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თავისი პარტიულ-პოლიტიკური ეგო გადაცვალა ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესში“, - განაცხადა გეგელიამ.

როგორც ის განმარტავს, დღეს საქართველოს ყველა დახმარება სჭირდება, რაც კი შეიძლება მან მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი პარტნიორისგან.

„300 მილიონი ლარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მსუყე დახმარება, რომელიც გაჭირვებაში მყოფ საქართველოს ძალიან წაადგებოდა. ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი და ახლა ვხედავთ დასტურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უარი განაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, ევროპარლამენტი უარს იტყოდა დახმარებაზე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ გაატარა მართლმსაჯულების რეფორმები. ამის ფაქტობრივ დადასტურებას ვხედავთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელისგან. ვფიქრობ, რომ ეს არის მკაფიო მესიჯი, რომელიც გვაჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა ქართველი ხალხი დამატებითი სიღარიბისთვის, უპერსპექტივობისთვის და ევროპული ინტეგრაციის კურსის გაჭიანურებისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ სისტემატური ძალისხმევაა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩამოაშორა საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსს, დატოვა ჩვენ ქვეყანა ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე და თავისი უპასუხისმგებლობით ქართველი ხალხი აზარალა ყოველ ჯერზე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა