აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში გამორჩეულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პარტნიორობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თავად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. თავდაცვის მდივანმა აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს,“- წერს ლოიდ ოსტინი.

აშშ-ის თავდაცვის 28-ე მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფიცი 2021 წლის 22 იანვარს დადო. ის არის აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი თანაშემწე თავდაცვის დეპარტამენტთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.

ოსტინი დაიბადა მობილში, ალაბამას შტატში და გაიზარდა ტომასვილში, ჯორჯიაში. მან დაამთავრა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია. მას ასევე დამთავრებული აქვს ქვეითი ოფიცრის კურსები, არმიის სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი და არმიის სამხედრო კოლეჯი.

ლოიდ ოსტინი ასევე Auburn-სა და Webster-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. Webster საქართველოში რეგიონალური კამპუსის გახსნას და საერთაშორისო სტუდენტების მიღებას 2022 წლიდან გეგმავს.

არმიაში 41-წლიანი კარიერის მანძილზე, ის მსახურობდა მეთაურად დივიზიის, ბატალიონისა და ბრიგადის დონეზე. 2010 წელს ის გახდა შეერთებული შტატების ძალების მეთაური გენერალი ერაყში და აკონტროლებს ყველა საბრძოლო მოქმედებას ქვეყანაში. ის ჯარიდან 2016 წლის აპრილში ჯარიდან გადადგა, რის შემდეგაც მსახურობდა Raytheon Technologies-ის, Nucor-სა და Tenet Healthcare-ის დირექტორთა საბჭოში.

2022 წელს, საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო