The Washington Post - აშშ საქართველოსთან გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს აფართოებს, მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთის წნეხი უფრო მეტად ცხადი და თვალსაჩინო ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს და მის შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან გავლენიანი გამოცემა „The Washington Post“ ეხმაურება.

სტატიის ავტორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს აფართოებს, მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთის წნეხი უფრო მეტად ცხადი და თვალსაჩინო ხდება. ავტორი ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს მიმოიხილავს და წერს, რომ ორშაბათს ქართველ კოლეგასთან უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც მოკავშირეთა პირადი შემადგენლობების სწავლების სფეროში შეერთებული შტატების ძალისხმევა გაფართოვდა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მუქარა ნათელი ხდება.

ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საქართვლოში, უკრაინასა და რუმინეთში მისი დაგეგმილი ვიზიტები იმ საქმის „აღიარებისა და რწმუნების“ აქტი იქნება, რომელსაც ყველა ეს ქვეყანა ახორციელებს ალიანსის მისიებში - განსაკუთრებით ავღანეთში. (საქართველო და უკრაინა არ არიან ალიანსის წევრები, თუმცა ავღანეთის მისიაში მაინც მონაწილეობდნენ). ეს ვიზიტი შეუმცდარი პასუხია რუსეთის მხრიდან რეგიონში გაზრდილ აგრესიაზე და ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, ბრიუსელში დეტალურად განსახილველ საკითხებს შორის.

ავტორის თქმით, ლოიდ ოსტინის ტურნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მოსამზადებელ პერიოდში თბილისში ვიზიტით დაიწყო შავი ზღვის სამ ქვეყანაში. ბრიუსელში კი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართება თავდაცვის მინისტრებთან.

„შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას და შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოების მცდელობებს, რაც სამხედრო იძულებისა და მავნე ქმედებების სახით ხორციელდება“- განაცხადა ოსტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.

„ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია იმ ხედვის სრული რეალიზებისთვის, რომელიც გაგვაჩნია ევროპის მიმართ, სადაც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა გვესახება“. ავტორის თქმით, რუსეთი რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თავის მისიას ხურავს. ალიანსსა და მოსკოვს შორის წინააღმდეგობამ ბოლო თვეებში მკვეთრად იმატა. რუსეთმა დაბალ სიმაღლეზე გამაფრთხილებელი ფრენები განახორციელა და შავ ზღვაში მცურავ დასავლეთის ხომალდებს გადაუფრინა , რისთვისაც ყირიმში თავისი ბაზები გამოიყენა. ყირიმი ის ტერიტორიაა, რომელიც უკრაინისგან 2014 წელს იქნა ანექსირებული. გამაფრთხილებელი ფრენები ალიანსის მიერ უკრაინის სამხედროებისთვის ჩატარებული წვრთნების დროს განხორციელდა და მიზნად ისახავდა სროლებისთვის ზღვაში არსებული ობიექტების მიზანში ამოღებას. ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ბრიუსელში არსებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციაში თავის მუდმივმოქმედ მისიას დახურავდა და მოსკოვში ალიანსის დელეგაციას აკრედიტაციას გაუუქმებდა. მიმდინარე თვის დასაწყისში ალიანსმა რამდენიმე რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. „თვალი თვალის წილ“ მიდგომა მოჰყვა მოსკოვის მცდელობას, სარგებელი მიეღო ნაუცბათევად დასრულებული ავღანეთის ომისგან, თან იმის მტკიცებით, რომ შეერთებული შტატები სანდო მოკავშირე არ ყოფილა. ორშაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ისეთი ძლიერი და მრავალმხრივი არასდროს ყოფილა, როგორიც დღესაა“.

ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა ამაყობს, რომ მისი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და „მზად არიან, თუ საჭირო გახდა, მონაწილეობა მიიღონ ,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საერთაშორისო მისიებში“.

ავტორი წერს, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთისგან ან რუსეთის ზურგით მოქმედი სეპარატისტებისგან მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან. ისინი იმედებს ამყარებენ, რომ ალიანსის ეგიდით დასრულებულ მისიებში მათი მონაწილეობა ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარებათ. ორშაბათს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სახელწოდებაა „საქართველოს თავდაცვისა და მტრის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივა“.

როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, შეთანხმება მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული სასწავლო პროგრამის ლოგიკურ გაგრძელებას და აქცენტს აკეთებს ქვეყნის თავდაცვის უწყებების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას. სტატიის ავტორი ამერიკელ თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მოლოდინით პარტნიორობა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. თავად პროგრამა ძირითადად საქართველოს ტერიტორიების დაცვაზეა აქცენტირებული, თუმცა შეიძლება მეტში გადაიზარდოს და ის საკითხებიც მოიცვას, რასაც ოფიციალური პირები ჰიბრიდულ საფრთხეებად მოიხსენიებენ.

„ოკუპაცია ყოველდღიური პროცესია, შესაძლოა ბოლო პერიოდში ოკუპაციის სხვა მეთოდების მომსწრენიც გავხდით, მომდევნო კვირას კიბერთავდასხმის მსხვერპლიც შეიძლება გავხდეთ. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება“-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავტორის თქმით, საქართველომ 2008 წელს თავისი ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე დაკარგა კონტროლი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით ორმა სეპარატისტულმა რესპუბლიკამ - აფხაზეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ - ავტონომია გამოაცხადეს. უკრაინას მსგავსი გამოცდილება 2014 წელს გადახდა თავს, როდესაც რუსეთის ზურგით მოქმედმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთით ომი გააჩაღეს კიევში მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ. ალიანსის წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთის დაცვაზე. ეს დათქმა ალიანსის ქარტიაშია მითითებული, თუმცა მას მხოლოდ ერთხელ მიმართეს ალიანსის 72-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს მოხდა ავღანეთში ომის დასაწყებად, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს შეტევა განხორციელდა შეერთებული შტატების მიმართ.

სტატიის ავტორი აშშ-ის თავდაცვის მდივნის რუმინეთში ვიზიტსაც მიმოიხილავს და ამერიკელ თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ოსტინის ვიზიტების განრიგში რუმინეთის ჩართვა მიზნად შემდეგი გზავნილის გაჟღერებას ისახავდა: აი, როგორი კარგი და სამაგალითო პარტნიორები ჰყავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. რუმინეთი ალიანსში 2004 წელს გაწევრიანდა. ავტორი წერს, რომ რუმინეთსა და საქართველოს 2014 წლის შემდეგ არ უმასპინძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისთვის. ოსტინის ვიზიტი ისტორიულია უკრაინაშიც. იქ ამერიკის თავდაცვის მდივანი პირველად 2017 წელს იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა