დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები გაასაჯაროოს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები გაასაჯაროოს. აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მოწოდებაზეც 18 ოქტომბრის წერილით პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით გვეთქვა უარი.

სასამართლოს ასეთი პრაქტიკა გამონაკლისი არ არის, სასამართლოები სისტემატურად აცხადებენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უარი არის როგორც უკანონო, ასევე დაუსაბუთებელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.

მიგვაჩნია, რომ იურიდიულ პროფესიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს, თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით“, - ნათქვამია იურისტების ჯგუფის განცხადებაში.

განცხადებას უერთდება დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ყველა წევრი:

1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)

2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).

3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)

4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)

5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).

6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)

7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)

9. უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (ყოფილი სახალხო დამცველი,)

10. ზაზა ხატიაშვილი („ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი

11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, „დემოკრატიის ინდექსი“).

12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)

13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)

14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).

15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).

16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)

17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)

18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).

19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)

20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).

21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე