2022 წლის 1-ელი იანვრიდან საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფით ისარგებლონ

საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განუცხადა, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

„მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ბირჟის ამოქმედებისთანავე, ბირჟაზე ფასები ყოველსაათობრივად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება დღისა და ღამის ტარიფები. მაღალი ალბათობით, ეს იქნება განსხვავებული ტარიფები. თქვენ იცით, რომ ბირჟა ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში და უკვე ეს რეჟიმიც აჩვენებს, რომ ღამის ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე დღის და განსაკუთრებით, პიკის საათის ტარიფი. შესაბამისად, ის საწარმოები, რომლებიც ივაჭრებენ საბითუმო ბაზარზე, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით - თუ საწარმოს ტექნოლოგიური ციკლი იძლევა შესაძლებლობას, რომ საწარმომ მოხმარება გადაიტანოს არაპიკურ საათებში, იგი ასეც უნდა მოიქცეს და ამ გზით შეამციროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და როგორ აისახება მოსახლეობაზე საბითუმო ბაზარზე ჩამოყალიბებული განსხვავებული ტარიფები, ამას რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. პირველ რიგში, უნდა გაჩნდნენ მიმწოდებლები. ბაზარზე ორი ტიპის მიმწოდებელია: თავისუფალი მიმწოდებელი და საჯარო მიმწოდებელი/უნივერსალური/ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც რეგულირებულ ტარიფად მიაწვდის ელექტროენერგიას მოსახლეობას. როდის აისახება მოსახლეობაზე, ეს დამოკიდებულია სემეკზე, როდის გაითვალისწინებს ამ საათობრივ განსხვავებულ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფში. თავისუფალ მიმწოდებლებს რაც შეეხება, მარეგულირებელი კომისია მათ არ უდგენს ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფს. ისინი მაღალი ალბათობით, საცალო ბაზარზე თვითონვე გაითვალისწინებენ ამ განსხვავებულ ტარიფს დღის და ღამის განმავლობაში, როცა საცალო ბაზრისთვის წინადადებას გააკეთებენ. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები. მომხმარებელმა რომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, მომხმარებლის მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს საათობრივად ელექტროენერგიას. საათობრივად თუ არა, მრიცხველი მინიმუმ დღის, ღამის და პიკის პერიოდებს უნდა აღრიცხავდეს იმისთვის, რომ გავარკვიოთ დღისით მოქალაქემ რამდენი მოიხმარა, ღამით რამდენი მოიხმარა, პიკის საათებში რამდენია მოხმარება და ა.შ. ამიტომ, რომ შევაჯამოთ, საბითუმო ბაზარზე საათობრივი ფასები გამოჩნდება ახალი მოდელის ამოქმედებისთანავე, ხოლო საცალო ბაზარზე ეტაპობრივად მოხდება მისი ასახვა.

სემეკმა ახლახანს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ამ წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა ახალი მრავალბინიანი კორპუსი, რომელიც ქსელზე მიერთების მოთხოვნით მიმართავს გამანაწილებელ კომპანიას, უნდა აღიჭურვოს ჭკვიანი მრიცხველებით. რაც შეეხება ძველ მრიცხველებს, მათი ჩანაცვლება ჭკვიანი მრიცხველებით ეტაპობრივად მოხდება. ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია და რა თქმა უნდა, ერთდროულად განხორციელება ვერ მოხერხდება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, 1-ელი იანვრიდან ენერგეტიკული ბირჟა საათობრივი ტარიფებით ვაჭრობას დაიწყებს.

„ბირჟაზე ტარიფები დადგინდება ყოველ კონკრეტულ საათში, ოღონდ ამის ასახვა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საბითუმოდ შეძენილი ელექტროენერგიის შეძენის შემთხვევაში მოხდება და არა საცალოდ. ის მსხვილი საწარმოები, რომლებიც პირველი იანვრიდან საბითუმო ბაზარზე ივაჭრებენ, შეძლებენ, რომ ელექტროენერგია განსხვავებულ ფასად შეიძინონ. ღამის საათებში უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დღის და პიკის საათებში. ეტაპობრივად ეს სიახლე აისახება საცალო ბაზარზეც, ოღონდ ამას სჭირდება გარკვეული წინაპირობები და მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის საწარმოების აღჭურვა ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით. დღეს საბითუმო ბაზარზე 44 მსხვილი საწარმოა. თუ ეს საწარმოები დარჩებიან საბითუმო ბაზარზე, მათ ექნებათ ელექტროენერგიის ყიდვის ორი გზა - მათ შეეძლებათ უშუალოდ მოელაპარაკონ მწარმოებელს, გენერაციის ობიექტს და მათგან იყიდონ ელექტროენერგია ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ელექტროენერგია ბირჟიდან იყიდონ. თუ საწარმოები საცალო ბაზარზე დარჩებიან, ისინი ელექტროენერგიას იყიდიან მიმწოდებლისგან, რომელიც, თავის მხრივ, ამ ელექტროენერგიას საბითუმო ბაზარზე იყიდის და დაამატებს თავისი მოგების მარჟას. ამიტომ, საწარმოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა უღირთ - თავად ივაჭრონ საბითუმო ბაზარზე თუ ეს მათ მაგივრად სხვამ, ამ შემთხვევაში, მიმწოდებელმა გააკეთოს, რისთვისაც გარკვეულ საფასურს გადაიხდის. უბნის მაღაზიას შეიძლება არ უღირდეს საბითუმო ბაზარზე გასვლა და ბირჟაზე ვაჭრობა, იმიტომ რომ ამგვარ საქმიანობას გარკვეული ცოდნა, უნარები და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი სჭირდება. ამიტომ, ის მაღალი ალბათობით საცალო ბაზარზე დარჩება და მიმწოდებელს აირჩევს. მაგრამ მსხვილი, ენერგოტევადი საწარმოს შემთხვევაში, მას უფრო აქვს მოტივაცია და შესაბამისი რესურსი, რომ რამოდენიმე თანამშრომელი დაატრენინგოს საბითუმო ვაჭრობის უნარებში და ავაჭროს საბითუმო ბაზარზე“, - განაცხადა მილორავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს