კახა კუჭავა - ათენში გამართულ შეხვედრებზე ოკუპაციასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვისაუბრებთ

სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის - როგორ გაიარეს მათ ევროინტეგრაციის გზა, როგორ მიაღწიეს შედეგს, რათა შევძლოთ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან 2024 წელს განაცხადის შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ათენში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს.

კახა კუჭავა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხების, ასევე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„საბერძნეთში ვიმყოფებით 50 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი. ჩვენი დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვის საკითხებს, იმ მიღწევებთან დაკავშირებით, იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც ამ პერიოდში ჩვენმა პარლამენტმა და ქვეყანამ მიაღწია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის და პირველ რიგში, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა - ეს პირველ რიგში, ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ მდგომარეობას, ასევე, ვესაუბროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და იმ ამბიციური რეფორმების შესახებ, რომლებსაც განვახორციელებთ. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია - თუ როგორ გაიარეს მათ ეს გზა, როგორ მიღწიეს ამ შედეგს, რომ ჩვენ უკვე შევძლოთ მათ გამოცდილებაზე ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანა 2024 წელს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გამართულ შეხვედრაზე საბერძნეთის გამოცდილების გაზიარების და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს.

კახა კუჭავას განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს საბერძნეთის მხარდაჭერა აქვს.

„ბევრი საინტერესო ფორმატია, რომელზეც შევჯერდით, რომ გამოვიყენებთ და უფრო აქტიურად შევძლებთ, საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით, რეფორმების განხორციელების ნაწილში უფრო წარმატებულები ვიყოთ და საბოლოო ჯამში, იმ შედეგს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენგან როგორც მოსახლეობა, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ელოდებიან“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა