დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას გიორგი მენაბდის წინააღმდეგ გუგა ბარბაქაძის ჩვენება 2018 წელსაც ჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ

დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, გამოძიებას მენაბდის წინააღმდეგ მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება 2018 წელსაც ჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.

ადვოკატის თქმით, თუკი, მაშინ მენაბდის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობდა და ამიტომ არ დააკავეს, მტკიცებულებები საქმეში არც ახლაა დამატებული.

"დღევანდელი პროცესი ძალიან საინტერესოა, დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელმაც აწარმოა ოპერატიული ჩაწერა, განაცხადა, რომ გუგა ბარბაქაძეს მენაბდის საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს და არანაირი ცნობა მისი მხრიდან მენაბდის დანაშაულთან დაკავშირებით არ გაჟეღრებულაო. როცა გამოძიება გაგრძელდა და ბარბაქაძის გამოკითხვა მოხდა, ის დადუნაშვილის და სარალიძის მკვლელობასაც მენაბდეს აბრალებდა. ეს უკვე 2018 წელს ცნობილი იყო გამოძიებისთვის, მაგრამ გამომძიებლის განმარტებით, ეს არ ქმნიდ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამიტომ არ მოხდა მენაბდის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წლიდან დღემდე არაფერია დამატებული. ბოლოს, სასამართლო რითი იხელმძღვანელებს, ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა