ადვოკატი - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან შემატყობინეს, რომ დაწყებულია წარმოება გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით და ამ თემაზე სურთ მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება

გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, რომლის შინაარსი უბრალოდ სასაცილო იყო, ეს იყო რეალურად ბოდიში ივანიშვილისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხესთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყო საქმის წარმოება და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ყოფილ პრეზიდენტთან გასაუბრება სურს.

ადვოკატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ და მისივე თქმით, რთულია პროგნოზის გაკეთება, ამ საკითხზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, რომლის შინაარსი უბრალოდ იყო სასაცილო. ეს იყო რეალურად ბოდიში ივანიშვილისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარება. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ისინი დარღვევად მიიჩნევენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხმაურის შექმნას, კერძოდ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს და მხარდამჭერებს რომ გამოსძახა „მიყვარხართ,“ „თქვენთან ერთად ვარ“ და „მაგრები ხართ,“ ეს ყოფილა მათი შეფასებით შინაგანაწესის დარღვევა. დღეს მე დამიკავშირდნენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და შემატყობინეს, რომ დაწყებულია წარმოება გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით და ამ თემაზე სურთ მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს ამ წარმოების შედეგი, რადგან ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული განცხადების გაკეთება, რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ჩვენ ვისმენთ სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს პრემიერ-მინისტრისგან, პარტიის თავმჯდომარისგან და ა.შ. ყველა მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ისინი აშკარად არიან შეშინებული და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებების პროგნოზირება არ მიმაჩნია, რომ სწორია“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ მოხდება.

„რეალურად, ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ არავინ ითხოვს რაღაც პრივილეგიას. მიღებული პრაქტიკა და სტანდარტი არის ის, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კერძო კლინიკასთან და იქ ხდება ყოველთვის პატიმრის ჰოსპიტალიზება. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ისინი შეასრულებენ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს სრულად. ამის შემდეგ ითქვა, რომ ჰოსპიტალის შემთხვევაშიც ჯერ შერჩევა მოხდება ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციის შედეგად, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მეორე დღეს უკვე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ჰოსპიტალიზება მოხდება მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე. ეს განცხადება გააკეთა ასევე პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმური შეხება არ უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულის ჰოსპიტალიზების პროცესთან. ჩვენთვის ბუნებრივია მიუღებელია გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, რადგან ეს ადამიანი არის, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი და ხელისუფლება აპირებს, რომ მის მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან მოათავსოს გლდანის დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება მე-18 დაწესებულებაში ფიზიკურად არ გამოვა და ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ მის ჯანმრთელობაზე სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც „იმედის“ მტკიცებით, ტრაილერშია გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულს.

„კადრებთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საქმის მასალების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ამოღებულ იქნა ტელეფონი და ეს ტელეფონი დაიმტვრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამის მიუხედავად, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, რაც წარადგინა, მისი ტელეფონით არის ეს ვიდეო მასალა და მიხეილ სააკაშვილის მიერაა გადაღებული, რაც უთითებს ერთადერთ რამეზე, თუ ასეა ნამდვილად, ეს არის უბრალოდ დანაშაული. დალუქული ტელეფონიდან, როგორ აღმოჩნდა ვიდეო მასალა ტელეკომპანია „იმედში“, ბუნებრივია, არ არსებობს ამის ლეგიტიმური გზა და ცალსახად, შეიძლება ერთადერთი შეფასება გავაკეთოთ, - ეს არის დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა