მოძრაობა „თალიბანი“ დაინტერესებულია რუსეთისგან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა კალანდარ იბადმა განაცხადა.
„ყველაფერი, რაც ხელს უწყობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაძლიერებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაქცინების რუსეთიდან მიღებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, რომელსაც სურს დახმარება გაგვიწიოს ამ სფეროში,“- აღნიშნა კალანდარ იბადმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ შეასრულა 9 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში „თალიბანსა“ და ამერიკელ დიპლომატებს შორის მიღწეული შეთანხმება და ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ მიაწოდა.
„აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ, ქვეყანას ვაქცინის ახალი პარტიები არ მიუღია,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.