ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზატორი - პენიტენციურ სამსახურს არ აქვს საფუძველი, უარი თქვას ექსპერტების შეშვებაზე - სააკაშვილს ორჯერ ჰქონდა გულის გაჩერების რისკი

ცენტრ "ემპათიას" დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ე.წ. ალტერნატიული კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართეს და საკმარისი დროის გასვლის მიუხედავად, პასუხი არ მიუღიათ.

მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, პენიტენციურ სამსახურთან კომუნიკაცია გართულებულია და ამას შეიძლება სკანდალი მოჰყვეს.

„საქართველოს კანონმდებლობით ყველანაირი უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმარს, მიიღოს ალტერნატიული აზრი და მიიღოს სამედიცინო დახმარების გამწევი დაწესებულება, აირჩიოს მკურნალი ექიმი და ასევე მოითხოვოს და ჩაატაროს მხარის მოთხოვნით ექსპერტიზა. ჩვენ არაერთი გამოცდილება გვაქვს ციხეებში პატიმრების ექსპერტიზის და შესაბამისად არანაირი იურიდიული საფუძველი ჯანდაცვას და პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია, რომ უარი თქვას აღნიშნული ექსპერტების მიერ სამედიცინო გამოკვლევაზე. ვფიქრობთ, რომ მათ ჰქონდათ საკმაო დრო, რომ ეპასუხათ. მითითებული გვაქვს ტელეფონი, ძალიან კარგად მიცნობენ. შესაბამისად, მათ შეეძლოთ უკვე კომუნიკაცია.

სამწუხაროდ, ციხეების ჯანდაცვა და პენიტენციური სამსახური არ გამოირჩევა გამჭვირვალობით - დახურული სისტემაა, ვებგვერდზეც კი არ არის განთავსებული ინფორმაცია. მათთან კომუნიკაციაც კი გართულებულია. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კატასტროფა ქვეყანაში, არა მარტო ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ მთლიანად ციხეების ჯანდაცვა გასულია მომსახურების სფეროდან და შესაბამისად, ის უნდა დაბრუნდეს ლეგიტიმურ ჩარჩოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვება სერიოზული სკანდალი“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და ორჯერ გულის შეტევის რისკიც კი არსებობდა.

ამასთან, მისი თქმით, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამსახურს არ ესმის რა რისკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

„არის არტერიული წნევის მერყეობა, ჰიპოკალემია, რაც იწვევს ძალიან დიდი რისკს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან და ასევე ნერვული სისტემის მხრიდან მოსალოდნელია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის განვითარება, გულის რიტმის დარღვევა, გულის გაჩერება, შესაძლებელია იშემიური ხასიათის ცვლილებები თავის ტვინში მოხდეს. ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგას ციხეების ჯანდაცვა. კედლისმიერი შეუვალობა, სახელისუფლებო შტოების, ისეთი როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო, გვაფიქრებინებს, რომ არ ესმით, რა რისკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანი ასევე გამოეხმაურა ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთელი ციხე იცინის, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს და აღნიშნა, რომ კობახიძეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას იღებს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ჰქონდეს და ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას.

მისივე თქმით, ამ თემაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება უნდა დაიწყოს.

„რამდენადაც ვიცი, მან საერთოდ შეწყვიტა ყველაფრის მიღება უკვე რამდენიმე დღეა. მანამდე ის იღებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ დანიშნულებას, რაც კონსილიუმმა განუსაზღვრა. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, კობახიძემ და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმა საიდან იციან, რას იღებს მიხეილ სააკაშვილი. იკვეთება უფლებამოსილების გადამეტება კონფიდენციალური ინფორმაციის თვალსაზრისით. ასე რომ, სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება უნდა დაიწყოს და რატომღაც ჩვენ არ გვსმენია მისი მხრიდან ხმამაღალი განცხადება ამის თაობაზე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა