მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერის“ ხელნაწერის გაციფრება, რედაქტირება და დამუშავება მოხდება

15 ოქტომბრიდან, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი, მუხრანის რეგიონალურიეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. პროექტი მოიცავს პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერის“ (დარეჯან ცბიერი) ხელნაწერის გაციფრებას, რედაქტირებას და დამუშავებას, მისი შემდგომში გამოსაცემად მოსამზადებლად.

პროექტში ჩართული არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, ანდრია ასევე პროექტის თანაავტორი და ხელმძღვანელი, მუსიკოლოგი მარინა ქავთარაძე, დიზაინერი მანანა გუნია-რომანო, მხატვარი ელენე მელქაძე. მოცემულ ეტაპზე, განხორციელებულია სამუშაოების - გაციფრებისა და კორექტირება-რედაქტირების 30 პროცენტი. შემდგომი ეტაპია საოპერო კლავირის (ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის) გაფორმება და დიზაინი, რომლისთვისაც სპეციალურად მოწვეული მხატვარი ელენე მელქაძე შექმნის ორიგინალურ ნახატს.

პროექტის დასკვნითი ნაწილი მოიცავს, შეზღუდული ტირაჟით, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის 100 საოპერო კლავირის დაბეჭდვას, მათი შემდგომში თბილისისა და ქუთაისის ოპერის თეატრებისათვის, ასევე კომპოზიტორთა კავშირის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელოვნების სასახლის და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლებისათვის საჩუქრად გადასაცემად. აღნიშნული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების ნაწილი პროექტის პარტნიორებს წარმოადგენენ. კლავირები ასევე სახსოვრად გადაეცემა მელიტონ ბალანჩივაძის მემკვიდრეებს.

დაგეგმილია ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, „თამარ ცბიერის“ გამოცემასთან დაკავშირებული საგანგებო ღონისძიება, პრეზენტაცია, შემოქმედებითი საღამო.

მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერის“ აღდგენა-გაციფრება-გამოცემის პროექტის ავტორია დავით გოგოლაშვილი.

პროექტის მონაწილეთა აზრით პირველი ქართული როგორც კულტურული და ისტორიული ფასეულობა შემოენახება თაობებს. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი სამომავლოდ, კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას, რადგანაც გეგმაშია კიდევ ერთი ქართული ოპერის რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინეს“ აღდგენა-გამოცემა. ორგანიზაცია სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და დონორებთან აქტიურ თანამშრომლობას და მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი სხვადახვა პროექტების განსახორციელებლად.

ცნობისთვის, ოპერაზე „თამარ ცბიერი“, მელიტონ ბალანჩივაძე სამი ათწლეული მუშაობდა და საქართველოში პირველად, 1926 წლის 6 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა. გაცილებით ადრე, 1897 წელს, ეს ნაწარმოები პეტერბურგში, რუსი არტისტების მონაწილეობით არასრული სახით შესრულდა, თუმცა მისი ქართული პრემიერა, რიგი მიზეზების გამო დაგვიანდა. ოპერა „თამარ ცბიერის“ ლიბრეტო აკაკი წერეთლის ერთსახელიანი ისტორიულ სიუჟეტზე დრამატული პოემის მიხედვით შექმნა კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა, ხოლო თავად ოპერაში აღწერილია იმერეთის დედოფალ თამარის ცხოვრება.

პროექტის ინიციატორი წლების წინ გახლდათ კონსერვატორიის პროფესორი, მარინა ქავთარაძე. სამწუხაროდ, მარინა ქავთარაძის მიერ არაერთგზის შეტანილი პროექტი რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებში და საქველმოქმედო ფონდებში უპასუხოდ დარჩა, თუმცა საბოლოოდ მიზანი საერთო ძალისხმევით მიღწეულია.

ოპერის ავტორისეული ხელნაწერები ინახებოდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში. ოპერის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის უშუალო ჩართულობით, მიმართვიდან უმოკლეს დროში, ხელნაწერების ასლები გადმოეცა არასამთავრობო ორგანიზაციას პროექტის განსახორციელებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა