ზაზა თავაძე - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სასამართლო სისტემაში მეტად გაძლიერებას - ეს იქნება არამარტო ჩვენი თაობის, არამედ ჩვენი შვილების გადასახდელი

განცხადებები, რომლებიც გაკეთდა აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ელჩის მიერ, იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ამით ის იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ ორი ახალი მოსამართლე წევრის, პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევას გამოეხმაურა.

ზაზა თავაძის თქმით, ამ ტიპის პრობლემას აქამდეც არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მიეძღვნა.

„სინქრონში გაკეთებული ორი მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ, რომლებიც ეძღვნებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუმჭვირვალედ, გავლენიანი ჯგუფების გაძლიერებისთვის მოხდა. ისინი არცერთ წამს არ იშურებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდნენ და მეტად ლოიალური ადამიანები ჰყავდეთ შემადგენლობაში.

გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გაძლიერებას. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი თანამდებობის პირები „კლანით“ იხსენიებენ იმ ჯგუფს, რომელიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას მართავს. ქართული დემოკრატიისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.

ეს იქნება არამარტო ჩვენი თაობის, არამედ ჩვენი შვილების გადასახდელი, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება მიიღოს ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ. დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლების ორივე შტოსგან. მეტიც, ის უნდა იყოს ბალანსი ამ ხელისუფლების შტოებისათვის, რომელიც დღეს არ არსებობს“, - განაცხადა თავაძემ.

მან ასევე გაიხსენა 2 წლის წინ მომხდარი ფაქტი.

„გაგახსენებთ 2 წლის წინ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას - მათ ერთ ფარატინა ფურცელზე ჩამოწერეს 10 მოსამართლის სახელი და გვარი. ეს მაშინ გაკეთდა, როდესაც იყო საახალწლო ციებ-ცხელება, მოქალაქეთა ყურადღება გადატანილი იყო ოჯახებისკენ, საახალწლო დღეებისკენ. მაშინაც ყველაფერი ასე ფარულად, მსგავსი სცენარით გააკეთეს. ახლაც, კვირას, არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიქცეულია საქართველოს არჩევნებისკენ, ამ დროს ხდება ეს ფარულად და გაუმჭვირვალედ.

იმ ორ ქალბატონს, რომლებიც მოსამართლე წევრები იყვნენ, უფლებამოსილების ვადა ამოწურული არც ჰქონდათ. შესაბამისად, მათ ნაცვლად დანიშნეს ის ხალხი, ვინც მეტად ლოიალური იქნება და შეასრულებს იმას, რასაც უბრძანებენ.

ამ სასამართლო კორპუსში არის ბევრი უაღრესად ნიჭიერი, გამოცდილი და კარგი მოსამართლე, რომლებზეც, ალბათ ეს სასამართლო დგას. მათ სჭირდებათ სრული დამოუკიდებლობა, რაც ზოგიერთებმა სხვანაირად გაიგეს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ის ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც ახლა არიან სასამართლო კორპუსში, აუცილებლად ჩადგებიან ქართული მართლმსაჯულების სამსახურში“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. საბჭოს ახალი წევრები მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე აირჩიეს.

ამ ფაქტს კრიტიკით შეხვდა აშშ-ის საელჩო, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.

ამასთან, კრიტიკით გამოირჩა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელმაც აღნიშნა, რომ დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მისი თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა