ლევან ალაფიშვილი - 2021 წლის არჩევნებმა პოლიტიკური კრიზისი ვერ განმუხტა, მეტიც პროცესების დინამიკას აქვს პოტენციალი, რომ სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

არჩევნების შემდეგ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება რომ რთულია, ვხედავთ. ოპოზიცია დიდ ქალაქებში მმართველი გუნდის კანდიდატების საეჭვო და საკამათო გამარჯვებების გამო საპროტესტო აქციებს მართავს.

ამის პარალელურად მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქციები რუსთავის #12 ციხესთან. ეს და თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურ ფონს ამძიმებს.

დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ სიტუაცია მშვიდდება, ჩვენთან კი ტრადიციულად პირიქით ხდება. თქვენ როგორ შეაფასებთ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რეალურად არსებულ ვითარებას?

- ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში 2016 წლიდან დაწყებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება, ვერც ამ არჩევნებმა განმუხტა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკურ პროცესში ჩართული მხარეების ბრალიც არის.

ფაქტია, რომ ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრი რამ ორივე მხარემ დააკლო და გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, - 2021 წლის არჩევნებმა 2016 წელს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი ვერ განმუხტა, მეტიც პროცესების დინამიკას აქვს პოტენცია, რომ სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

სამწუხაროდ, ასე იქნება, თუკი, ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების მეორე ტურამდე გვესმოდა, არ შეიცვალა და სამართალდამცავი ორგანოები უფრო აქტიური არ გახდნენ განსხვავებული აზრის გამო პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით.

- რადგან პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავების საკითხს შეეხეთ, გვერდს ვერ აუვლით ამ თემაზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ტიპის განცხადებები პოლიტიკური პროცესზე პოზიტიურად არ აისახება ხოლმე...

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ და აღვნიშნო, რომ ე.წ. 315 მუხლი საფრთხობელად იქცა, და ამ მუხლს მმართველი პოლიტიკური ძალა აქტუალურს ყოველთვის საარჩევნო პერიოდში და მას შემდეგ ხდის. გვახსოვს, ჩანაწერების დემონსტრირება, საბურავების რევოლუციაზე საუბრები, ასევე უკრაინული ჩანაწერები და კიდევ ბევრი სხვა.

315 მუხლით საკმაოდ ბევრი საქმე აღიძრა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებაზე ბოლომდე არც ერთი არ არის მიყვანილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუდმივად იძახის - მგელი მოდის!, ამ შემთხვევაში მგლის როლს ყოფილი ხელისუფლება და ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები სულ უფრო მეტად დგება ეჭვქვეშ

ამ საქმეებში ყველა ჯერზე შემსრულებლად გამოდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული მანდატი აქვს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები სულ უფრო მეტად დგება ეჭვქვეშ.

- ფაქტია, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციაში პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ პროცესების შემდგომი ესკალაცია არც ქვეყანას წაადგება და არც ერთ მათგანს.

მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებული მომენტის ამგვარი აღქმა ჯერჯერობით არც ერთს არ აქვს...

- დღევანდელი ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელმა დაადასტურა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარების გზა არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ძალები ამ ვითარებას უწევენ ანგარიშს. ასე რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ე.წ. 315 მუხლით საქმეების აღძვრა არ დასჭირდებოდათ და აქამდე კონკრეტული საგამოძიებო ქმედებების შედეგად ამდაგვარი მცდელობა აღკვეთილი იქნებოდა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხები იქნებოდა დამდგარი.

ამის საფუძველი რომ არსებულიყო გარწმუნებთ, ბევრი საქმე გამოცხადდებოდა გამოძიებულად.

მაგრამ პოლიტიკოსები კარგად გრძნობენ, რომ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს. არავითარი საფუძველი იმისა, რომ თუნდაც რომ ვიმსჯელოთ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ან არადემოკრატიულ, ძალადობრივ რევოლუციაზე, არ არის.

პოლიტიკოსები კარგად გრძნობენ, რომ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს. არავითარი საფუძველი იმისა, რომ თუნდაც რომ ვიმსჯელოთ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ან არადემოკრატიულ, ძალადობრივ რევოლუციაზე, არ არის

ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს პოლიტიკური პროცესების არადემოკრატიულ განვითარებას. შეგახსენებთ, რომ სწორედ რევოლუციური აჯანყების გზით ხელისუფლების დაბრუნებას პირდაპირ მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

რატომ აღვნიშნე ეს? იმიტომ რომ თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა გასცდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში სწორედ გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მოქალაქეებს აძლევს აჯანყების უფლებას. ასე რომ რევოლუცია ყოველთვის უკანონო არ არის.

თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა გასცდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში სწორედ გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მოქალაქეებს აძლევს აჯანყების უფლებას. ასე რომ რევოლუცია ყოველთვის უკანონო არ არის

პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკური ძალის ქცევაზე, ანუ იმაზე დარჩება იგი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში, და ხალხს არ მოუწევს ზრუნვა მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებაზე.

- სამწუხაროდ, ბოლო არჩევნებმა გვანახა, რომ ჩვენ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით წინ ვერ წავიწიეთ. დიდ ქალაქებში მეორე ტურებმა დაგვანახა, რომ არჩევნებში ხელისუფლებამ მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსის გამოიყენა.

გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის პატარა განსხვავებები იმაზე მიუთითებს, რომ თუ რომელია გამარჯვებული და რომელი დამარცხებული აშკარად ძნელი სათქმელია. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რევოლუცია, რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, უკვე შედგა, თან არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში. მოქალაქეებმა ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება დააფიქსირეს.

ახლა მთავარი ისაა, თუ რამდენად შეძლებენ საკრებულოებში ის ძალები თანამშრომლობას, რომლებმაც საკრებულოებში პოზიციები დაიკავეს. ხელისუფლება არჩევნებამდე სხვა განცხადებებს აკეთებდა, ახლა სხვა განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თქვენ რამდენად გაქვთ განცდა, რომ საკრებულოებში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები შეძლებენ თანამშრომლობას და ხელისუფლება უარს იტყვის საკრებულოების წევრების მოსყიდვა-გადაბირებაზე?

- როდესაც დღევანდელ შედეგებს წარმატებად წარმოვაჩენთ, უნდა გავიხსენოთ გასული წლის არჩევნები. გასული წლის არჩევნებისგან რაიმე განსხვავებული სურათი ვიხილეთ? გასულ წელსაც უნდა ყოფილიყო მეორე ტურები, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა.

იმედი მაქვს ოპოზიციური გაერთიანებები დაფიქრდებიან და კარგად გაანალიზებენ შარშანდელ და წლევანდელ არჩევნებს, რაც ბევრგვარი დასკვნების საშუალებას მისცემთ სამომავლოდ პროცესების მათთვის უკეთ განვითარებისთვის.

იმედი მაქვს ოპოზიციური გაერთიანებები დაფიქრდებიან და კარგად გაანალიზებენ შარშანდელ და წლევანდელ არჩევნებს, რაც ბევრგვარი დასკვნების საშუალებას მისცემთ სამომავლოდ პროცესების მათთვის უკეთ განვითარებისთვის

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაზე კარგად დაინახა რომ არა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას ამ არჩევნებზე უხვად ჰქონდა, შემდეგ არჩევნებზე მხოლოდ მის იმედად ვეღარ იქნება. ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ იზრდება და შესაბამისად მმართველი პოლიტიკური ძალის კისერზე „დემოკრატიული ყულფი“ ვიწროვდება.

რაც შეეხება ადგილობრივ საკრებულოებში თანამშრომლობას. არ მაქვს მოლოდინი, რომ საკრებულოებში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შედგება.

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაზე კარგად დაინახა რომ არა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას ამ არჩევნებზე უხვად ჰქონდა, შემდეგ არჩევნებზე მხოლოდ მის იმედად ვეღარ იქნება... არ მაქვს მოლოდინი, რომ საკრებულოებში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შედგება

ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის სიით გასულმა ერთმა წევრმა დატოვა ექსპრემიერის პარტია. უცნაური ისაა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია თავის პარტიასთან ერთად აწარმოვა, შევიდა საკრებულოში და ამის შემდეგ ყოველგვარი დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა პარტია.

ეს შემთხვევა ჩემთვის არის ნიშანი იმისა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ოპონენტებთან ურთიერთობებში არაფერს არ შეცვლის. არადა, ამგვარი ქცევა მისთვისვე იქნება ცუდი, რადგან ოპონენტებთან კონფრონტაციის გაღრმავება წესით მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენ მოგვიწევს ისევ იმ პირობებში ცხოვრება, როცა პოლიტიკა არა ჯანსაღი ოპონირების, აზრთა ჭიდილის, განსხვავებული იდეოლოგიების წარმოჩენის, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საუკეთესო კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღების პროცესია, არამედ ჩვენთან პოლიტიკა ყველაფერია ჩემს მიერ ჩამოთვლილის გარდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენ მოგვიწევს ისევ იმ პირობებში ცხოვრება, როცა პოლიტიკა არა ჯანსაღი ოპონირების, აზრთა ჭიდილის, განსხვავებული იდეოლოგიების წარმოჩენის, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საუკეთესო კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღების პროცესია, არამედ ჩვენთან პოლიტიკა ყველაფერია ჩემს მიერ ჩამოთვლილის გარდა

ჩვენი პოლიტიკა დაცლილია იდეებისაგან და ვხედავთ იმას, რასაც უკვე 9 წელია ვუცქერთ - მგელი მოდის!, სისხლიანი 9 წელი და ასე შემდეგ. არადა, ამასობაში დღევანდელი მმართველი ძალაც უკვე 9 წელია მართავს ქვეყანას.

ქართული პოლიტიკა ემსგავსება პოლიტიკურ სისხლიან კორიდას, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული ცდილობს ოპონენტების განადგურებას. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამ კორიდის მაყურებლების როლშია და დამარცხებულის მოკვლას ითხოვს.

ქართული პოლიტიკა ემსგავსება პოლიტიკურ სისხლიან კორიდას, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული ცდილობს ოპონენტების განადგურებას. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამ კორიდის მაყურებლების როლშია და დამარცხებულის მოკვლას ითხოვს

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში მან წვლილი არ უნდა შეიტანოს, პარტიულ და ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს სახელმწიფოს ინტერესები. ასეთი მაგალითის მიმცემი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ.

კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. ესაა დემოკრატიის მთავარი პრინციპი. და არა ის, რომ რადგან მე შენზე გავიმარჯვე, შენი განადგურების უფლება გაქვს. გავა დრო და სხვა მოვა და ხვალ შენ გაგანადგურებს. ამგვარი იდეოლოგიის წახალისებას ახდენს დღეს ხელისუფლება, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკაში ქცევის ასეთი პრაქტიკა უნდა დამრთავდეს.

- მესამე პრეზიდენტის თემა არჩევნებამდეც აქტუალური იყო და არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს. ფაქტია, რომ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს - ან გადაყვანილ იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ან გაიმართოს სასამართლო პროცესი.

თუ სააკაშვილის საკითხი არ გადაწყდა, ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას საშინაო პოლიტიკაში. ასეთ ფონზე გაუგებარია ხელისუფლების განცხადებები, რადგან ისინი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენს გაუძლებს სააკაშვილის ორგანიზმი...

- სააკაშვილის საკითხი აღარ არის მხოლოდ საქართველოს თემა, იგი გაცდა ქვეყნის ფარგლებს. ჩვენ რომ გონიერი ხელისუფლება გვყოლოდა, ამას თავიდანვე გაითვალისწინებდა. სააკაშვილის საკითხმა შესაძლოა ბზარი გააჩინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან, რადგან საუბარია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილზე. უკრაინა თავის მოქალაქეებს ყველგან იცავს და ამ შემთხვევაშიც ვალდებულია დაიცვას სააკაშვილი.

ვფიქრობ, სწორედ უკრაინის მეშვეობით გაიზრდება წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე. უკრაინის განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სხვა წონისაა ევროპისთვის და ამერიკისთვისაც. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას ჯერ ჯეროვნად არ აქვს გაცნობიერებული. სააკაშვილის საკითხზე ხელისუფლებას ინფანტილური დამოკიდებულება აქვს, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებივითაც კი იქცევიან.

სააკაშვილის თემაზე მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი მოიქცა ანტიჰუმანურად და ანტიკონსტიტუციურად, როდესაც თქვა ძალიან ცუდი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებს დიდხანს ექნებათ მაგიდაზე ღარიბაშვილის განცხადება.

სააკაშვილის თემაზე მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი მოიქცა ანტიჰუმანურად და ანტიკონსტიტუციურად, როდესაც თქვა ძალიან ცუდი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებს დიდხანს ექნებათ მაგიდაზე ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერმა თქვა, - ჩვენთან კანონში წერია, რომ თითქოს კანონში წერია, რომ ყველას აქვს თვითმკვლელობის უფლება. ეს ასე არ არის. სამწუხაროა, რომ ჩვენმა პრემიერმა არ იცის კანონში რა წერია.

ჩვენს კანონში ასეთი რამ არ წერია. არადა პრემიერმა ასევე თქვა - თუკი ვინმე დააპირებს თვითმკვლელობას, ეს შეუძლიაო, ოღონდ ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებელი არ იქნებაო. პრემიერმა ვერც კი გააცნობიერა, რომ მის ამ განცხადებას ძალიან მძიმე შედეგები ჰქონოდა.

როდესაც ქვეყნის პირველი პირი ისეთ დეპრესიულ საზოგადოებაში ჩვენ რომ გვაქვს, ამგვარ განცხადებებს აკეთებს, მას წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს, რომ შესაძლოა რამის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდისთვის თვითმკვლელობა წამახალისებელი აღმოჩნდეს. იმ დღეებში ვინმეს რომ ჰქონოდა სუიციდის მცდელობა, ეს სწორედ მის სინდისზე იქნებოდა.

ამიტომ ვამბობ, ღარიბაშვილის ეს განცხადება იყო ანტიჰუმანური და ანტიკონსტიტუციური. ჩვენს კონსტიტუციაში და არა მარტო მასში, ევროპულ კონვენციაში და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია - ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია.

სწორედ ამ კონსტიტუციური განაწესიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მის ტერიტორიაზე შექმნას ისეთი საკანონმდებლო გარემო, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელი იყოს. მეტიც, ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს დაიცვას ყველას სიცოცხლე. მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.

კონსტიტუციური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას მიიღოს მისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ მისთვის არაკომფორტული და არაორდინალური გადაწყვეტილება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ.

კონსტიტუციური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას მიიღოს მისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ მისთვის არაკონფორტული და არაორდინალური გადაწყვეტილება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ

ხელისუფლების მიერ შექმნილმა მედიკოსთა კონსილიუმმა თქვა, რომ ციხის პირობებში სააკაშვილის მკურნალობა მისივე სიცოცხლისთვის სახიფათოა და იგი საავადმყოფოში უნდა იყოს გადაყვანილი. როცა მედიკოსები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პოლიტიკოსთან განცხადებები რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მას წინ შესაძლოა საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა ელოდება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა