კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილი, შესაბამისად, მსგავსი მონუმენტის მოწყობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად.

„ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა ქალაქისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია პარკის ძირითადი კონცეფცია. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერიტორია ადამიანებისთვის, არამხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის ფუნქციას ასრულებდა, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებთან დაკავშირებული ერთიანობის მემატიანეა.

ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. ამავდროულად ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან, გაიმართება შეხვედრები, მსჯელობა და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი მონუმენტი გაკეთდეს.

„აღნიშნული მიზნით, გამოცხადდება კონკურსი და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესაბამისი წინადადების წარმოდგენა. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოება, დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მათი მოსაზრებების მოსმენა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, მომავალმა თაობებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. საოცარი ისტორიებია მათი ბრძოლისუნარიანობის და თავგანწირვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მონუმენტის მოწყობა შესაძლებელი იქნება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, რაც გულისხმობს ცენტრალური შადრევანის და კასკადის რეაბილიტაციას.

ამასთან, ვიდეო ჩართვისას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გმირების მონუმენტის მოწყობის პროცესში აუცილებელი იქნება იმ მაგალითების გამოყენება, რაც მსოფლიოში არსებობს.

„გვაქვს მსოფლიოში ამის ბევრი კარგი მაგალითი, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ეს არ იქნება გარკვეულ დროსთან დაკავშირებული. ჩვენი ისტორია სავსეა მსგავსი მოვლენებით და პიროვნებებით. იმისთვის, რომ საუკეთესო მონუმენტი მივიღოთ, საზოგადოების ჩართულობაა აუცილებელი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მონუმენტი და უნდა ატარებდეს ისტორიულ ხასიათს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა