„დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას დიპლომატიური კორპუსი გაეცნო

უწყებათაშორისი სწავლების „დიდგორი 2021“ საშტაბო და საველე კომპონენტები საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს. დღეს „დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის გასაცნობად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრს ესტუმრნენ. დიპლომატები სწავლების ფარგლებში განლაგებულ იმიტირებული გენერალური შტაბისა და საკოორდინაციო ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცვნენ და „დიდგორი 2021“-ის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები სწავლების სიტუაციურ ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე დააკვირდნენ სიმულაციური სისტემების საშუალებით სწავლების მონიტორინგის მეთოდებს, ასევე დაესწრნენ ახალი სიმულაციური სისტემებით VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი) გათამაშებას. VBS3 თავდაცვის ძალებში პირველად გამოიყენება და საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატულ სურათზე გამოსახონ.

„დიდგორი 2021“ წელს უკვე მერვედ ტარდება. სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა