ელენე ხოშტარია ექიმებს - მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, სცდება არამხოლოდ პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს. ეს კრიზისი ეხება ყველა მოქალაქესა და პროფესიას - მინდა მივმართო ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ იმიტომ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს სხვის პროფესიაში და მიმართოს ექიმებს, რომ უკვე 12 დღეა, რაც თავადაც შიმშილობს.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული მადლობა ვახტანგ კალოიანს და რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ბრიგადებს, რომლებიც მონაცვლეობით არიან ჩემს გვერდით ყველანაირი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩიხური მდგომარეობა. ჩვენ ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელიც გამოდის ბოლო დღეებში და საათებში არის ძალიან საგანგაშო. ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა და კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც გულის პრობლემებს ნიშნავს. ეს ფრაგმენტულად გამოსული ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება - ციხეში, სადაც მისი მკურნალობის კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს.

„მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს. ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტები, რომ ჩაერიონ სიტუაციაში. ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, ძალიან პატივისცემით მინდა მივმართო მას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური დაწესებულებიდან თქვენი შესვლის მოთხოვნა, იქნებ, ბატონო ალექსანდრე, თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას. ასევე ძალიან დიდი პატივისცემა გიორგი გოცაძეს, კრიტიკული მედიცინის ექიმს, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც მე-12 დღეა ასევე შიმშილობს და ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მაქვს თქვენთან იგივე თხოვნა, გამოვიჩინოთ ინიციატივა და შევიდეთ მიხეილ სააკაშვილთან. ნინო შარაშენიძე, ჰემატოლოგი, ასევე თქვენთანაც მაქვს იგივე თხოვნა.

კიდევ ერთხელ, ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიებისა და ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მამოძრავებს, არის საზოგადოებრივი სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს გლდანის ციხის განცხადებები და პირობები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად ვერ მოგვცემს. მე კი დავამატებ, რომ ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს