სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადებიდან მივლინებული არიან ექიმები, შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, გაეწევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ყოფილ პრეზიდენტს რაიმე სახის სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება, მას აუცილებლად გაეწევა.
რაც შეეხება კონსილიუმს, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ჯგუფი შეიქმნა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. დღეს კი არიან ექიმები, პირადი ექიმი და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო.
„გეგმა პარტიას არ უნდა ჰქონდეს, გეგმა ამასთან დაკავშირებით აქვს იუსტიციის სამინისტროს, ის არის უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანო, გადაწყვეტილებები მიიღოს ნებისმიერ პატიმართან, მსჯავრდებულთან თუ ბრალდებულთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი აზრი და ვალდებულება, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ იმ ინფორმაციების შესახებ, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე, რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. კატე სჭირდება? - არის. შესაძლოა დასჭირდეს და შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს, ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო.
ექიმები და პირადი ექიმი არის იქ და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო. როგორც ვიცი კონსილიუმი დასჭირდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო, დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში. მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადებიდან მივლინებული არიან ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხვა პროფილის. შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, მას გაეწევა. პატიმარმა არ შეასრულა სტრასბურგის მოწოდება, სახელმწიფო თავის მხრივ მზად არის. იქ ვერავის წარმოედგინა, რომ ამ მოწოდებას ვინმე არ შეასრულებდა. ამიტომ, მათ პირდაპირ მიუთითეს შიმშილობის შემდგომი პერიოდის შესახებ, ამ მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.