შეერთებულმა შტატები რუსეთის მიერ რაკეტის „საშიშ და უპასუხისმგებლ“ გამოცდას გმობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟს საფრთხე ემუქრება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტის გამოცდის შედეგად რუსეთის ერთ-ერთი თანამგზავრი აფეთქდა და ნამსხვრევები წარმოქნა, რამაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი აიძულა, კაფსულებისთვის შეეფარებინათ თავი.
„ჩატარებული ტესტის შედეგად ამ დრომდე 1500-ზე მეტი ორბიტალური ნამსხვრევი წარმოიქმნა, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის ინტერესებს. ეს ტესტი მნიშვნელოვნად გაზრდის რისკს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებისა და კოსმონავტებისთვის, ასევე კოსმოსში დაგეგმილი სხვა აქტივობისთვის. რუსეთის სახიფათო და უპასუხისმგებლო ქცევა საფრთხეს უქმნის კოსმოსის გრძელვადიან მდგრადობას და ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პრეტენზიები, რომ ის კოსმოსურ შეიარაღებას ეწინააღმდეგება არის არაკეთილსინდისიერი და თვალთმაქცური,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ იმუშავებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებას უპასუხოს.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ მტკიცებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
"ობიექტის ორბიტა, რომელმაც დღეს ეკიპაჟი აიძულა, სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, კოსმოსურ ხომალდში გადასულიყო, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტას დაშორდა. სადგური მწვანე ზონაშია", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისათვის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამჟამად ოთხი ამერიკელი და ერთი გერმანელი ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტი იმყოფება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"