თამარ გაბუნია სააკაშვილზე - მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება აღარ დგას - გლდანის დაწესებულებას აქვს ამის შესაძლებლობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის, როგორც რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები და არც პერსონალის კვალიფიკაციასთან არსებობს კითხვები.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა, ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. არსებული დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება კონსილიუმის მიწვევა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„კონსილიუმის წევრებს, რომელიც რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის შეიქმნა, იუსტიციის სამინისტრო მართავდა თითქმის 1 თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში, გლდანის დაწესებულებას აქვს ამის შესაძლებლობა. დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი მუშაობს, რომელსაც შეუძლია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს და რისკები მართოს.

მისი განმარტებით, გლდანის მე-18 დაწესებულება არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რაც რეგულირების სააგენტოს დასკვნაშიც არის ასახული.

„ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის სტანდარტული პირობა, ყველა სტანდარტული „გაიდლაინის“ მიხედვით, შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის, არ არის ასეთი საჭიროება და არც ერთი სტანდრატული „გაიდლაინი“ არ ამბობს, რომ ამ ტიპის რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარტული საავადმყოფო, რომელსაც ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა აქვს. ბუნებრივია, ამ საავადმყოფოს ასევე შეუძლია ნებისმიერ მომენტში მასთან ხელშეკრულებით მყოფი კლინიკებისგან მოიწვიოს სპეციალისტი და მიიღოს შესაბამისი, დამატებითი კონსულტაცია და რჩევა“,-განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა