თენგიზ ცერცვაძე - დარწმუნებული ვარ, კოვიდ-პასპორტი ინფიცირების ზრდას შეამცირებს - ვემხრობი, გაფართოვდეს სივრცეების არეალი, სადაც აუცილებელი იქნება მისი წარდგენა

დარწმუნებული ვარ, კოვიდ-პასპორტი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კოვიდ- პასპორტის გააქტიურება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შეამცირებს.

„მოსწონთ თუ არა, გამომიჩნდება თუ არა ოპონენტები და მოწინააღმდეგეები, ამის გაკეთება აუცილებელია. აქ იგულისხმება, რომ იძულებითი ვაქცინაცია არ უნდა იყოს, მაგრამ იქნება ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმი. მათ, ვინც არ იქნება სრულად ვაქცინირებული და ვერ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომელსაც მწვანე კოვიდ-პასპორტს ეძახიან, შეეზღუდებათ გარკვეულ სოციალურ სივრცეებში დაშვება. მაგალითად, ეს არის რესტორნები, გასართობი სივრცეები, სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები და სხვა.

ეს დიდი ხანია, რაც მოქმედებს ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად ვაქცინირებული არიან, მაგრამ მაინც იძულებული გახდნენ, რომ ამ წესისთვის მიემართათ. საქართველოში ამის გაკეთება აუცილებელი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კოვიდ პასპორტი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, რადგან ეს იქნება დამატებითი სტიმული ვაქცინაციის ზრდისთვის. ერთია, როდესაც ეუბნები და მეორეა, როდესაც არავაქცინირებული პირი იგრძნობს გარკვეულ დისკომფორტს. როდესაც ის რაღაც აქტივობას ვერ შეასრულებს - მაგალითად, როდესაც ვერ დაესწრება ფეხბურთის მატჩს ან მეგობრებთან ერთად ვერ შევა რესტორანში და ა.შ. ეს აუცილებლად გაზრდის ვაქცინირებულთა რაოდენობას და, შესაბამისად, შეამცირებს როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობას.

მე ვემხრობი, რომ გაფართოვდეს იმ სოციალური სივრცეების არეალი, სადაც აუცილებელი იქნება კოვიდ პასპორტის წარდგენა. მარტო რესტორნებიდან და კინოთეატრებიდან ინფიცირების შემთხვევები არ არის იმდენად დიდი, რომ აქ მივიღოთ დრამატული შემცირება. ამაზე უნდა დასხდნენ ექსპერტები, ქვეყნის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ იმ აქტივობებისა და სოციალური სივრცეების სია, სადაც ეს პასპორტი უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა