სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის ციხესთან მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად N18 სამკურნალო დაწესებულებაში უნდა შევიდეს.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მისი რეკომენდაციით შეიქმნა, გასინჯავს პაციენტს და გაეცნობა ციხის კლინიკაში არსებულ ვითარებას.

„ამ ვიზიტის მიზანია, ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები, არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისათვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება - არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში. შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ისე, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლო ითხოვს გადაწყვეტილებაში. გაეცნობიან ყველაფერს, გასინჯავენ პატიმარს, გაესაუბრებიან, გაეცნობიან სამედიცინო ისტორიას, ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, შემდეგ თავად იმსჯელებენ ამ ყველაფერზე", - განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ახალი სამედიცინო ჯგუფს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლა.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ამ დრომდე, ყოფილ პრეზიდენტთან შესვლისას მათთან მიმართებაში, რაიმე დაბრკოლება არ შექმნილა.

„როგორც ვიცით, არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა, იმის გამო, რომ 7 დღეა, რაც გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილი ციხის ჰოსპიტალში და ამ ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა, მანდატის ფარგლებში, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა. ისინი შევლენ ჩემი რწმუნების საფუძველზე, არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა ტიპის ბარიერის შექმნა მათთვის არ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დამცველი არასდროს არ იღებს თანხმობას სამინისტროსგან, ან პენიტენციური სამსახურიდან, შევიდეს ციხეში. ჩვენ ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი, დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. ისინი არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ექსპერტები, ეს არის ბერკეტი, რომელიც სხვა პატიმრების მიმართებითაც გამოგვიყენებია, ჩაგვიტარებია სამედიცინო ექსპერტიზა და დღესაც ამის საშუალებას იძლევა კანონი, ეს არ არის რაღაც „ნოუჰაუ“, რომელიც ახლა გამოვიგონეთ. ჩვენ არასოდეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს დაბრკოლება არ შეგვქმნია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა